მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან საქართველომ $62 მილიონის შინაური ფრინველის ხორცი იყიდა - იმპორტიორი ქვეყნები

606c09a229059
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.21 12:57
1978
2020 წელს საქართველოში 62.2 მლნ დოლარის ღირებულების 55 539.8 ტონა ახალი, გაცივებული და გაყინული ფრინველის ხორცი შემოვიდა.

საქსტატის მიხედვით, შარშან წინა წელთან შედარებით ფრინველის ხორცის იმპორტისთვის ქვეყნიდან 4.5%-ით ნაკლები თანხა (2019 წელის 65.1 მლნ დოლარი) გავიდა, თუმცა იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 5.4%-ით გაიზარდა და თუ 2019 წელს შინაური ფრინველის ხორცის იმპორტი 52 696.8 ტონა იყო, პანდემიურ 2020 წელს ქვეყანაში 55 539.8 ტონა პროდუქტი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ  ფრინველის ხორცის იმპორტში დიდი წილი ქათმის ხორც-პროდუქტებს უკავია. 2020 წელს საქართველომ 55 127.8 ტონა იმპორტირებული ქათმის ხორცი იყიდა, რომლის ღირებულებამ 61.8 მლნ დოლარი შეადგინა. 

2020 წელს ყველაზე მეტი შინაური ფრინველის ხორცი თურქეთიდან, ბრაზილიიდან და აშშ-დან შემოვიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს სამეულში აშშ-ის ადგილს უკრაინა იკავებდა.

საიმპორტო ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 15.0 მლნ დოლარი, 13 375.5 ტონა;
2. ბრაზილია - 12.2 მლნ დოლარი, 9 802.6 ტონა;
3. აშშ - 6.2 მლნ დოლარი, 8 138.5 ტონა;
4. გერმანია - 6.0 მლნ დოლარი, 5 284.3 ტონალ;
5. უკრაინა - 5.2 მლნ დოლარი, 5 356.6 ტონა;
6. ჩინეთი - 4.0 მლნ დოლარი, 1 929.1 ტონა;
7. ნიდერლანდი - 3.6 მლნ დოლარი, 3168 ტონა;
8. საფრანგეთი - 2.7 მლნ დოლარი, 2 291.3 ტონა;
9. ლიეტუვა - 1.5 მლნ დოლარი, 1 357 ტონა;
10. დანია - 1.4 მლნ დოლარი, 1 262 ტონა;

შეგახსენებთ, რომ გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი 5%-დან 7%-მდე იზრდება.„ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებს მთავრობა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დადგენილებითვე, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 15 იანვარს 1 აპრილამდე შეჩერდა. ლევან დავითაშვილის უწყება თებერვალში რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებდა. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, WTO-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა მოითხოვეს, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა“, - განმარტავდნენ სამინისტროში.

დღეისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი bm.ge-ისთან საუბრისას განმარტავს, რომ ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმუმ 7%-იანი ზღვარი 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.