მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან საქართველოში 83%-ით მეტი სპექტაკლი ჩატარდა, ვიდრე - 2020 წელს

62a98bf9bbbff
მარიამ ვარადაშვილი
16.06.22 02:00
879
გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, ორი - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო შვიდი - თოჯინების თეატრი იყო. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 

თეატრების უმრავლესობა - 52% თბილისშია, 15.4% - იმერეთშია. 2021 წელს ქვეყანაში ჩატარდა, დაახლოებით, 1.9 ათასი ღონისძიება. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა 27 იყო, რომელშიც 203 ადამიანი მონაწილეობდა.

წლიურად 83%-ით გაიზარდა 2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა და 1 787 შეადგინა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა.

2021 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 46.3%-ით გაიზარდა და 183.8 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 103 ადამიანი იყო. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი (47.7%), ხოლო მეორე ადგილზე იმერეთი (13.5%) იყო.

რაც შეეხება მუზეუმებს, 2021 წელს საქართველოში 250 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 99 მემორიალური, 72 ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 23 ხელოვნების, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული, ხოლო 41 სხვა სახის მუზეუმი იყო.

2021 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი თბილისში (23.2%) ფუნქციონირებდა. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.8%) და კახეთის (14%) რეგიონებია.

საქსტატის ცნობითვე, 2021 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 160.5%-ით გაიზარდა და 807.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 3.2 ათასი დამთვალიერებელი მოდის. 2021 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 103.6%-ით გაიზარდა და 20 057 შეადგინა, ხოლო გამოფენების რაოდენობა - 23.2%-ით გაიზარდა და 537 გაუტოლდა.