14.მაისი .2021 15:22

„შატილში ბავშვები ფეხით მიდიან იქ, სადაც ინტერნეტი კარგად იჭერს" - მსოფლიო ბანკი

„შატილში ბავშვები ფეხით მიდიან იქ, სადაც ინტერნეტი კარგად იჭერს" - მსოფლიო ბანკი
views 414
უკან

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციისას, საქართველოს სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაცია, რომლის მხარდამჭერიც მსოფლიო ბანკია, ამ პრობლემებს აღმოფხვრის.

„შატილში ვიზიტით ვიყავი. თუ შევხედავთ სოფლად რა პირობებია... ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იქ, სადაც ინტერნეტის სიგნალს, კომპიუტერი იქნება თუ ტელეფონი, კარგად იჭერს. ამ პროექტით ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება. ბავშვები სახლიდან გაუსვლელად სწავლას და ინტერნეტში ჩართვას შეძლებენ.

მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ამ ინიციატივას. განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ინოვაციების განვითარებაში და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ვეხმარებით. ასევე მახარებს, რომ კერძო სექტორს - ტურიზმს, სოფლის მეურნეობას ვეხმარებით. მიმაჩნია, რომ ყველა ეს ინიციატივა საქართველოს, როგორც ქვეყანას, უფრო კონკურენტულს გახდის“, - განაცხადა მოლინეუსმა სოფელ ზემო ბახვში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი სახელმწიფო ააიპ-მა "ოუფენ ნეტმა" ოზურგეთში განახორციელა, რომლის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომა დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს გაუჩნდა. პროექტს სწორედ მსოფლიო ბანკი Log In Georgia-ს პროექტის ფარგლებში აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა