22.აგვისტო .2020 15:48

შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვები აღმოვაჩინეთ - ერდოღანი

views 1549
უკან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი რეზერვების აღმოჩენის შესახებ განაცხადა. კერძოდ, როგორც Euronews-ი წერს, ერდოღანის თქმით, აღმოჩენილია 320 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი. მისივე განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული რეზერვის მოპოვებას და გამოყენებას თურქეთი 2023 წლისთვის დაიწყებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გაზის აღმოჩენილი რეზერვები ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.

ცნობისთვის: ბუნებრივი გაზის რეზერვი თურქულმა მბურღავმა გემმა Fatih-მა იპოვა, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებთან კვლევა-ძიების ოპერაციას აწარმოებდა. აღნიშნული ტერიტორია იმ სექტორთან ახლოსაა, სადაც გაზის რეზერვები რუმინეთმაც აღმოაჩინა.

„არ იქნება გაჩერება და დასვენება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ გავხდებით ენერგოექსპორტიორები“, – განაცხადა ერდოღანმა.