მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლეილა“ სტუმრების მიღების წესებს ცვლიან

612f5642c963b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.21 14:40
23112
რესტორნები „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და კაფე „ლეილა“ სტუმრების მიღების წესებს ცვლიან. აღნიშნული ინფორმაცია რესტორნების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე გამოქვეყნდა, სადაც წერია:

„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „შავი ლომი“ (ნინიას ბაღი) მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეგიძლიათ აიღოთ აქ:
https://covidpass.moh.gov.ge/ “.

BM.GE კვების ობიექტების დამფუძნებელ მერიკო გუბელაძეს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ გადაწყვეტილება დასაქმებულებისა და მათი სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მიიღეს.

„თავიდან მეგონა, ეს გადაწყვეტილება მთავრობას უნდა მიეღო და დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ რეგულაციას შემოიღებდნენ, მაგრამ არჩევნები მოდის და ალბათ ხალხის გაბრაზება არ უნდათ.

ამიტომ სჯობს, კერძო სექტორმა ავიღოთ საკუთარ თავზე ეს გადაწყვეტილება, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკონტროლოა და არ მინდა, ჩემს რესტორანში თანამშრომელი დაინფიცირდეს. მირჩევნია ნაკლები ხალხი იყოს და უფრო მშვიდად ვიმუშავებთ“, - უთხრა BM.GE-ის კაფე-რესტორნების დამფუძნებელმა.



მერიკო გუბელაძემ აღნიშნა, რომ რესტორნებისთვის მუშაობის 1 საათით შემცირებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ნაწილში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„შეზღუდვები ჩვენთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, რადგან 22 საათამდე მუშაობის გადმოწევის გამო 21:00 საათზე შემოსულ სტუმარს ვაფრთხილებთ, რომ ერთ საათში დავიკეტებით. ვფიქრობ, რესტორნებისთვის 1 საათით ოპერირების დროის შემცირება გადმოგდებული საკენკი იყო, რადგან ეს დიდად არაფერს ცვლის.

დატვირთვა შემცირდა და შემოსავლებიც, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა. შეზღუდვებს ემატება ისიც, რომ აგვისტოში ქალაქი თითქმის დაცლილია და აქტივობაც ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვიჭერთ ფასებს და ვცდილობთ, არ შევცვალოთ“, - განმარტა რესტორნების დამფუძნებელმა.