მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო- და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე კვლევა ჩატარდება

609ce781a871e
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 13:14
2071
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. კვლევა სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ტარდება და მის შესახებ ინფორმაცია სწორედ მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

ტენდერის შედეგად შერჩეულმა კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს კვლევა (Feasibility Study) იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ამ კაბელების აშენების ბიუჯეტი, ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა.

ტენდერის მოთხოვნების თანახმად, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, მინიმუმ, 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ამასთან უნდა ჰქონდეს გამოცდილება წყალქვეშა კაბელების პროექტირებასთან დაკავშირებითაც.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შავი ზღვის ფსკერზე ახალი კაბელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განცხადება 2021 წლის მარტში გააკეთა. მაშინ ითქვა, რომ ეს პროექტი პრიორიტეტს წარმოადგენდა. 

მარტშივე სახელმწიფო ელექტროსისტემაში BMG-ის განუცხადეს, რომ ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობაც განიხილება.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია:

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW );
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD);
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი);
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

თუკი წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელდა, სავარაუდოდ, მისი ღირებულება ზემოაღნიშნული ენერგეტიკული ქსელების ჯამურ ღირებულებაზე ნაკლები არ იქნება.

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემოსავალი - 138 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 22 მილიონი ლარი იყო. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია 2021 წლის ბოლოს 200 მილიონი ლარის მოცულობის ვალის აღებას გეგმავს, რისთვისაც ახალ ობლიგაციებს გამოუშვებს.