მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოს ევროპასთან დაახლოვებს - IMF

63aacae7daeb8
შოთა ტყეშელაშვილი
27.12.22 16:30
574
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოს ევროპასთან დაახლოვებს. ამის შესახებ საუბარია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ახალი პროგრამის მიმდინარეობას აფასებს.

“ხელისუფლებამ ფართო ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებითი ინვესტიციების საჭიროებას ხაზი გაუსვა, რაც საგზაო, სარკინიგზო, საპორტო, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პოტენციალს განამტკიცებს, ასევე ზღვის ფსკერის კაბელს, რომელიც გააძლიერებს ენერგეტიკაში სავაჭრო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ევროპასთან დაახლოებას,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

საქართველო ახალი კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 30 მილიონი ევროთი აფინანსებს. პარალელურად, 2022 წლის მაისში კონტრაქტი გაფორმდა იტალიურ საინჟინრო ფირმა CESI-სთან, რომელმაც 18 თვის ვადაში კაბელის ეკონომიკური დასაბუთების კვლევას მოამზადებს.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ახალი კაბელის ღირებულება დაახლოებით 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს.

17 დეკემბერს საქართველომ, უნგრეთმა, რუმინეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კასპიის ზღვაზე მოხდება მწვანე ენერგიის ფართომასშტაბიანი ათვისება, რომლის ექსპორტიც სატრანზიტო კაბელის მეშვეობით ევროპაში მოხდება. კაბელი ასევე საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გამომუშავებული მწვანე ენერგია ექსპორტზე ევროპაში გავიდეს.