მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის მთავრობა WB-სგან $75 მლნ-ის სესხს იღებს

63bbfef437ad6
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.23 15:34
626
მსოფლიო ბანკი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს $75 მლნ-ით აფინანსებს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის ე.წ. Feasibility Study-ს ეტაპისთვის 2.5 მლნ ევრო უკვე დახარჯა და შესწავლის აღნიშნული ეტაპი წელს უნდა დასრულდეს.

„ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად შავი ზღვის ფსკერის დეტალური კვლევის განხორციელება. ამ მიმართულებით დღეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომელიც 75 მლნ დოლარს შეადგენს, ამ თანხის ოდენობაზე ჩვენ მსოფლიო ბანკთან წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა და შეჯერებული ვართ.

ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური აგებულების შესწავლა, რომელზეც საქართველოს მიერ დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაიხარჯება, ასევე სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოიცავს, იმისთვის რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული პროექტის რეალიზაცია სრულყოფილად მოხდეს, ასევე 5 მლნ ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივი ასევე ფინანსურ საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპებზე საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით კვლევა მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს.