მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეამცირებს თუ არა სებ-ი მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას - არჩილ მესტვირიშვილის პასუხი

5e7e0e4f50d5f
BM.GE
27.03.20 19:20
989
გადაცემა “ანალიტიკასთან” კორონავირუსისა და ნავთობის ფასის ვარდნის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, სებ-ი აქტიურად იქნება წარმოდგენილი სავალუტო ბაზარზე და სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის პირდაპირი ინტერვენციების გამოყენებით, ბაზარზე ლიკვიდობის ზრდას შეუწყობს ხელს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ინტერვენციები არის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენ $100 მილიონი დოლარი უკვე გავყიდეთ და გავაგრძელებთ საჭიროებიდან გამომდინარე ინტერვენციებს.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ ინტერვენციები არის არა კურსის ერთ ნიშნულზე დაჭერის ინსტრუმენტი, არამედ ბაზრის ლიკვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტი. თავად კურსი იქნება იმ ნიშნულზე, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავენ.

კურსი, რომელიც გვქონდა რამდენიმე დღის წინ, ჩვენი შეფასებით, ის იყო ზედმეტად გაუფასურებული. ვხედავთ, რომ გუშინ და დღეს კურსმა ტრენდი შეიცვალა.

ამასთან, როდესაც ვიღებთ 10- და 15-წლიან სესხს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მერყეობა იქნება, ამიტომაც ჩვენი რეკომენდაციაა, რომ უცხოური ვალუტით სესხები არ აიღოს მოსახლეობამ.

სარეზრევო მოთხოვნები არის ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი და ჩვენ თუ დავინახეთ რომ საბანკო სექტორში არის უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობის საჭიროება, ჩვენ მას შევარბილებთ. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

თავად საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი არის გაუმჯობესებული. ამას ხელი შეუწყო მათ შორის “ჭარბვალიანობის” წინააღმდეგ რეგულაციებმა, რათა დღეს უფრო მომზადებული ვყოფილიყავით ამ შოკის წინაშე,”- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ვალუტა როგორც ევროსთან, ასევე დოლართან მიმართებით საგრძნობლად გამყარდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.28 ლარი, ერთი ევროს ღირებულება კი 3.62 ლარი გახდა.