მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვალა თუ არა ინდუსტრიის მოთხოვნები Wizzair-ის ერთმა რეისმა - აქციის ორგანიზატორი

5f636e320f9dd
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 18:38
887
დღეს ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იმართება. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სექტორში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს მთავრობას "მწვანე ზონის" ქვეყნებთან რეგულარული ავიარეისების აღდგენას სთხოვენ.

დღეს კი, ერთმანეთის მიყოლებით რეგულარული რეისების აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 1 ოქტობრიდან Wizzair ქუთაისიდან, კვირაში ერთხელ, რიგის მიმართულებით იფრენდა. რამდენიმე წუთის წინ კი, ოფიციალური განცხადება თავად Wizzair-მაც გაავრცელა.

აქედან გამომდინარე, BMG-ის ჟურნალისტის კითხვაზე -  მთავრობის წევრების ანონსმა  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, შეცვალა თუ არა აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები, გიდი ალექსანდრე პაიკიძე ამბობს, რომ - არა.

"ამ განცხადებებს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია, გვაქვს სამწუხარო მაგალითები, როდესაც იგივე ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი აკეთებდნენ მსგავს განცხადებებს - ეს ეხება 1 ივლისს, 1 აგვისტოს, 1 სექტემბერს - ყოველი თვის პირველ რიცხვში იხსნებოდა საზღვრები. რაც შეეხება განცხადების შინაარსს, ზოგადად, ის უნდა გაჟღერებულიყო ადრე თუ გვიან, ოღონდ ის უნდა გაჟღერდეს "ვიზეარის" ან "რაინეარის" მხრიდან ოფიციალური განცხადებებით. თუ პირველი ოქტომბრიდან კვირაში ერთხელ იფრენს ჩარტერული რეისი რიგიდან, რომელიც აქამდეც დაფრინავდა და "ვიზეარი" რომ ჩაჯდება ერთი ბორტით, ეს არაფერს არ შეცვლის. აქ საუბარია რეგულარული ფრენების აღდგენაზე იმ ფორმით, როგორც ეს იყო პანდემიამდე და ცხადია, ამის გარეშე ყველა განცხადება შექმნის ისეთივე ცრუ მოლოდინს, როგორსაც მთავრობა სექტორს აქამდე უქმნიდა და ძალიან დიდი ფული დაახარჯინეს ამ მოლოდინებიდან გამომდინარე", - ამბობს გიდი.