მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვალა თუ გაამკაცრა შემოსავლების სამსახურმა თიზ-ებში დაბეგვრის რეჟიმი?

6061f9c90ddc8
ელენე გოგბერაშვილი
30.03.21 11:43
816
აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ კომპანიებზე დაყრდნობით, bm.ge-თან აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.

საქმე ისაა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. რაც შეეხება გადასახადებს, კანონის მიხედვითვე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თიზ-ის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

პაატა შურღაია ირწმუნება, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში აქტიურად ურეკავენ კომპანიებს და უკვე განხორციელებულ ოპერაციებზე მოგების გადასახადის გადახდას სთხოვენ. არგადახდის შემთხვევაში კი ეუბნებიან, რომ „საგადასახადო შემოწმება დაიგეგმება და მათი ზარალი გაცილებით დიდი იქნება“.

„ორი-სამი კვირაა, შემოსავლების სამსახური ურეკავს ყველა ისეთი ტიპის გადასახადის გადამხდელს, რომელიც არის რეგისტრირებული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სთხოვს, მოგების გადასახადის გადახდას ძველ პერიოდებზე ანუ იმ პერიოდებზე, როდესაც ისინი ახორციელებდნენ ოპერაციებს, სადაც მათთვის ცნობილი იყო, რომ ეს ოპერაციები არ იბეგრებოდა მოგების გადასახადით“, - ირწმუნება პაატა შურღაია.

თავის მხრივ, თიზ-ში მოქმედი სამრეწველო კომპანიების დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას არ ადასტურებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ლაშა ხუციშვილი bm.ge-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები მოგების გადასახადით არ იბეგრებიან.

მინისტრის მოადგილე დაგვპირდა, რომ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორის მიერ bm.ge-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, იქამდე კი, შეეცადა განემარტა, სავარაუდოდ, რა შემთხვევაზე შეიძლება საუბრობდეს პაატა შურღაია.

„ვვარაუდობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც ჩანს, რომ რაღაც რისკები გამოიკვეთა და გადამხდელს/საწარმო აძლევენ შესაძლებლობას, არა პირდაპირ დააჯარიმონ, არამედ სანამ შემოწმება ჩატარდება, თვითონ გადამხდელმა გამოასწოროს ის. თიზ-ში მოქმედი წარმოება არ იბეგრება თუ იქ ნამდვილად წარმოებაა, მაგრამ თუ პროდუქცია არ იქმნება და უბრალოდ, ქაღალდი ბრუნავს, ის თიზ-ის დაბეგვრის რეჟიმში ვერ მოექცევა“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის დაზუსტებასაც ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შევეცადეთ, ასევე თიზ-ებს და იქ მოქმედ სერვისის განმახორციელებელ კომპანიებს ეხება. საქმე ისაა, რომ ისევ პაატა შურღაიას მტკიცებით, 2020 წლის იანვარში ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ვიდრე მინისტრის ბრძანებით არ განისაზღვრება იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლის ექსპორტიც დაშვებული იქნება თიზ-ებიდან, მსგავსი მომსახურების გაწევა მოგების გადასახადით დაიბეგრება.

„ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მიერ არ მოხდა იმ სერვისების განსაზღვრა, რომელიც შეიძლება ექსპორტზე გავიდეს. 2007 წლიდან, რაც კანონი მივიღეთ, მაგის მერე ეს საკითხი ღიაა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში შემოსავლების სამსახურმა გამოსცა მეთოდოლოგიური მითითება, სადაც თქვა, რომ მომსახურების ის ტიპები სანამ არ არის განსაზღვრული ფინანსთა მინისტრის მიერ, ნებისმიერი კომპანია, რომლის პროფილი არის მომსახურების გაწევა, იბეგრება მოგების გადასახადით. ეს მხოლოდ და მხოლოდ სერვისის მიმწოდებელ საწარმოებს ეხება. ჩვენ უკვე გვაქვს ამის შედეგი - რამდენიმე ინვესტორმა საქართველო დატოვა, მათ შორის ისეთებმა, რომლებიც მომსახურების სფეროში მოღვაწეობდნენ. ეს სიგნალია, რასაც ძალიან ცუდი რეაქცია ექნება“, - აცხადებს პაატა შურღაია.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს პასუხს აღნიშნულ პრეტენზიაზე, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ თუ კომპანია ისეთ საქმიანობას ახორციელებს, რომელიც თიზ-ში დაშვებული არ არის, ის საგადასახადო შეღავათითაც ვერ ისარგებლებს, თუმცა ბუნებრივია, ადგილზე საქმიანობის უფლება აქვს.

„ასე იყო, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. თიზ-დან მომსახურების გაწევა არ არის ნებადართული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთ საქმიანობას ეწეოდნენ კომპანიები, საგადასახადო შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. მართალია, იყო დათქმა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეიძლება რაღაც ჩამონათვალი გაეკეთებინა თუ რომელ მომსახურებას დაუშვებდა თიზ-ში, თუმცა სანამ ამ ჩამონათვალს არ გააკეთებდა, ყველამ იცოდა, რომ ეს მომსახურებები დაშვებული არ არის და მათი დაბეგვრა ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა; ეს სადავო ვერ იქნება“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი და აქვე განმარტავს, რატომ არ განსაზღვრა ფინანსთა სამინისტრომ იმ მომსახურებების ნუსხა, რომლის ექსპორტიც თიზ-იდან დაშვებული იქნებოდა.

„ფინანსთა სამინისტროს ნამდვილად ჰქონდა უფლება, ჩამონათვალი დაედგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ჩაიწერა, საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები მნიშვნელოვნად გადაიხედა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველომ გაიარა არაერთი საგადასახადო რეჟიმების შეფასების ეტაპები, მათ შორის OECD-დან და ევროკავშირიდან. მარტივად შეიძლება ამ დოკუმენტების მოძებნა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რიგი ქვეყნები,რომელთა რიგებში საქართველო არ მოხვდა, რადგან თიზ-ებმა ეს სქრინინგი გაიარეს. თიზ-ი არის შექმნილი პროდუქციის წარმოებისთვის და არა მომსახურების გაწევისთვის, შესაბამისად, მომსახურების გაწევა ითვლება დამაზიანებელ საგადასახადო რეჟიმად, რა შეფასებითაც საქართველო შავ სიაში. მოხვდებოდა. შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო შავ სიაში, მომსახურებების ჩამონათვალის განსაზღვრა აღარ მოხდა“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ცნობისთვის: წერილობით პასუხში, რომელიც თემაზე მუშაობისას bm.ge-მ ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო, აღნიშნულია, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, ისეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება, რომელიც არაა თიზ - ის ზონაში ნებადართული საქმიანობა - იბეგრება მოგების გადასახადით, მათ შორისაა მაგალითად, თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული მოგების განაწილება“.

bm.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას და ეცდება, საქართველოში მოქმედი თიზ-ების ორგანიზატორებისგან მეტი ინფორმაცია გაიგოს და მათი პოზიციაც მოისმინოს.