მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძენილი რუსული ნავთობი არაა სანქცირებული, იმავე ნავთობს ყიდულობს ევროპის ბევრი ქვეყანა - დავითაშვილი

62de8c11d9ad5
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.22 16:33
1190
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მიერ რუსული საწვავის შეძენის შესახებ განმარტება გააკეთა. ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიები სანქცირებულ რუსულ ნავთობს არ ყიდულობენ. მინისტრის განმარტებით, ქართულ საბაჟოში კარგად იცნობენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და არ დაუშვებენ სანქცირებული ნავთობის შემოტანას, ხოლო ის რუსული საწვავი, რომელიც ქვეყანაში შემოდის სანქცირებული არაა.

“მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განვმარტოთ და მე მინდა, რომ ხაზგასმით და სრული პასუხიმსგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. ამ საკითხზე საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა, ყველა სახელმწიფო უწყება იყო ჩართული ექსპერტებთან ერთად და ხდებოდა სანქციების კონკრეტული მექანიზმების აღსრულების განმარტებები. გადაწყვეტილებები მათ შორის ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან მიმართებით შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია დავხუროთ,” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

წელს რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა.

საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები ფასდაკლებულ რუსულ საწვავზე გადაერთნენ.

2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $577 მილიონის ღირებულების 597,537 ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 76%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 4%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 208%-ით გაიზარდა.

იმპორტის ფასების მიხედვით, ივნისში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის საშუალო ღირებულება ტონაზე 1,005 დოლარს შეადგენდა, ბულგარეთიდან იმპორტის საშუალო ფასი - 1,167 დოლარს, რუმინეთიდან კი - 1,265 დოლარს.