მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძლებს თუ არა გაჩერებული ჰორეკა-ბიზნესი ენერგოდეპოზიტებზე განთავსებული თანხების გამოყენებას?

5eaae1aadcd8a
ელენე გოგბერაშვილი
01.05.20 10:15
1401
ჰორეკა სექტორი სემეკ-ს ელექტროენერგიის მოხმარების გაქვითვის მიზნით ენერგო კომპანიების ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტების გამოყენების უფლებას სთხოვს. ენერგო გამანაწილებელი კომპანიები ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მათ ანგარიშებზე თანხების განთავსებას სემეკ-ის მიერ 2008 წელს მიღებული კანონის შესაბამისად ითხოვენ. დეპოზიტების მთავარი არსი ენერგო გამანაწილებელი კომპანიებისთვის ერთგვარი დამცავი მექანიზმია. ფიზიკურ პირებთან შედარებით ობიექტებზე იჯარით შესული პირები მათთვის მეტ რისკს წარმოადგენენ, რადგან მათ რომ ხვალ შეწყვიტონ იჯარის გადახდა, ლიცენზიანტს თანხის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

რესტორების და სასტუმრების 90%-ზე მეტს ფართები სწორედ იჯარით აქვთ აღებული. შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა ობიექტები დახურულია, ამ ბიზნესის წარმომადგენლები სემეკ-ისგან გამონაკლისის დაშვებას და დეპოზიტებზე განთავსებული ათასობით ლარის გამოყენების უფლებას ითხოვენ.

„თითო სასტუმროს, შემიძლია ვთქვა, რომ დეპოზიტზე დადებული აქვს სადღაც 20-30-40 ათასი ლარი და ეს თანხები დევს "თელასის" ან "ენერგოპრო ჯორჯიას" ანგარიშზე. ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ გადახდისუუნარო გავხდით. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ, თემა არის ასეთი, ამ ეტაპისთვის ყველა სასტუმრო დაკეტილია სახელმწიფო რეგულაციიდან გამომდინარე, შესაბამისად, ელექტროენერგიის ხარჯვითი ნაწილი არის თითქმის გამეათედებული. მაგალითად, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც 28 ათასი ლარი დევს დეპოზიტის სახით, ამ თვეში მოვიდა სადღაც 1400 ლარის გადასახდელი იმის გამო, რომ ამ სასტუმროს ჩართული აქვს უსაფრთხოების სისტემები. მთლიანობაში 28 ათასი ლარის მაგივრად ახლა გადასახდელია 1500 ლარი. ჩვენი თხოვნა იყო, მოგვეცეს საშუალება, როცა ქვეყანა ფორსმაჟორულ სიტუაციაშია და ჩვენ როცა იძულებული ვართ ყველაფერი დავხუროთ, ჩვენ მიერ დეპოზიტებზე დადებული თანხები ავითვისოთ. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი.

მოურიდებლად იყო პასუხი, ამ ეტაპისთვის ჩვენ (სემეკი) ამას ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ შეიძლება ქვეყანა დაბრუნდეს 90-იანებში, რადგან ენერგოკომპანიებს შემოსავალი აღარ ექნებათ“, - აცხადებს bm.ge-ისთან რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

სემეკ-ში ადასტურებენ, რომ თელასის და ენერგოპროჯორჯიას ანგარიშებზე დეპოზიტის სახით მილიონობით ლარი დევს, თუმცა არგუმენტირებული ახსნა აქვთ, რატომ არის რთული რესტორნებსა და სასტუმროებს ამ თანხების ათვისების უფლება მიეცეთ.

„შევისწავლეთ კომპანიებს რა რაოდენობის დეპოზიტი უდევთ ანგარიშზე. მინდა გითხრათ, რომ ციფრები მართლაც შთამბეჭდავია, მარტო "ენერგო პრო ჯორჯია" რომ ავიღოთ, 9 მლნ ლარამდე დევს დეპოზიტებზე, ეს არის ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო "თელასის" შემთხვევაში ეს თანხა არის 12 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ამაში შედის იმ პირების დეპოზიტები, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. ისინი ითხოვდნენ ამ დეპოზიტების ხვალიდანვე უკან დაბრუნებას. ამის გაკეთება ძალიან რთულია.

პირველ რიგში უნდა გავიგოთ არსი, რა არის დეპოზიტი. ეს არის ერთგვარი დამცავი მექანიზმი, განაწილების ლიცენზიანტების, რადგან ეს ისეთი საქმიანობაა, სადაც ჯერ ყიდი პროდუქციას და მერე იღებ გაყიდული ელექტროენერგიის საფასურს. მაგალითად, ჩვენ ვხმარობთ ელექტროენერგიას 30 დღის განმავლობაში და აქედან 15 დღეში ვიხდით საფასურს. ანუ რეალურად პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხშირად ბევრი პირი, რომელიც მაგალითად იჯარით არის შესული რომელიმე დაწესებულებაში და არ არის ფართის მესაკუთრე, მაგრამ აბონენტად არის დარეგისტრირებული, მოიხმარს გარკვეულ ელექტროენერგიას, შემდეგ არ იხდის საფასურს, ტოვებს ამ ფართს და ლიცენზიანტს არ აქვს უფლება მოთხოვოს ეს საფასური მესაკუთრეს და მეორე მხრივ ის პირი, ვინც გავიდა, მის ბალანსზე არანაირი ქონება არ არის და მასთან სასამართლო დავას არანაირი აზრი არ აქვს. ასეთი მაგალითები არის ათასობით. ეს არის სერიოზული რისკი ამ საქმიანობაში.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთ დროს გამოიყენება წინასწარ გადახდის მექანიზმი. მაგალითად, ჯერ დებ თანხას და მერე თვის ბოლოს რასაც მოიხმარ დაამატებ ან გამოაკლებ. ჩვენ ამაზე თავიდანვე უარი ვთქვით, 12 წლის წინ მივიღეთ ეს რეგულაცია და ვთქვით ყოფილიყო დეპოზიტი, რომ მომხმარებელმა თვის დასაწყისში არ გადაიხადოს.

რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას, ჩვენ რომ შევისწავლეთ დეპოზიტები, აღმოჩნდა, რომ ძირითადად დეპოზიტების აგრერირებას ახდენს ორი მიმართულება. ეს არის იჯარის დეპოზიტები, როცა იჯარით შედის იურიდიული პირი და ის ვალდებულია, დეპოზიტი დადოს და მეორე როცა მოხმარებელი 12 თვის განმავლობაში 3-ჯერ ან მეტჯერ არღვევს გადახდის გრაფიკს. შესაბამისად, ვნახეთ, რომ ამ ორი მიმართულებით არის მობილიზებული დეპოზიტის თანხები.

ამათ შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ იჯარით შესული პირები, განაწილების ლიცენზიანტისთვის მეტ რისკს წარმოადგენს, მათ რომ ხვალ შეწყვიტონ იჯარა, ლიცენზიანტი ვერაფერს ვერ იზამს და ვერ ამოიღებენ თანხებს. რაც შეეხება ვისაც სამჯერ აქვს დარღვევა, ნაკლებ რისკიანია“, - აცახდებს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

როგორც ფანგანი ამბობს, დეპოზიტებზე თანხის განთავსების ვალდებულება იჯარით შესული პირების გარდა იმ ფიზიკურ პირებსაც აქვთ, რომლებმაც წლის განმავლობაში 3-ჯერ ან მეტჯერ დაარღვიეს გადახდის გრაფიკი. მოიჯარეებისგან განსხვავებით, მათ სემეკმა ელეტროენერგიის მოხმარების მომდევნო თვეებში გაქვითვისთვის დეპოზიტის გამოყენების უფლება მისცა. ჯამში, საუბარია 7 მლნ ლარზე. სემეკში არ გამორიცხავენ მსგავსი გამონაკლისი ჰორეკა სექტორთან მიმართებაშიც მიიღონ, თუმცა მანამდე მარეგულირებელი ენერგო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შესწავლას აპირებს.

„ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ ვაგრძელებთ საკითხის შესწავლას, თან ვსწავლობთ ფინანსურ მონაცემებს, როგორი აქვთ ჩვენს ენერგო კომპანიებს, რადგან მთავარი ამოსავალი წერტილი ეს არის - არ შეექმნას პრობლემა ენერგო სექტორს, რადგან ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი ბიზნესი მიბმულია ენერგოუსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ამ საკითხის შესწავლას და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში სხვა ასეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან სხვადასხვა ბიზნესის და არამხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლები.

შევისწავლით არსებულ მსგომარეობას რისი გაკეთება შეიძლება, მათ შორის შეიძლება თუ არა სხვა ტიპის დეპოზიტებსაც შევეხოთ რაღაც პროცენტული განაკვეთით. თუ დავინახეთ, რომ რისკები არ არის ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გარკვეული მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, თუმცა დღეს ამის თქმა ძალიან რთულია.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, მათ შორის ენერგო კომპანიებს. 30-40%-ით არის შემცირებული მოხმარება, ჩვენ ვართ ახლა ისეთ სიტუაციაში, რომ პირველი ამოცანაა ბალანსი იყოს დაცული. ყველას აქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ენერგოკომპანიებს აქვთ ამოუწურავი რესურსი, პირიქით, გარკვეულად მოწყვლადები არიან ასეთი ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის, მათ არ აქვთ არანაირი დამატებითი შემოსავალი და მათ აქვთ ის ტარიფი, რაც არის განსაზღვრული და ტარიფი დათვლილი არის კონკრეტულ მოხმარებაზე, რაც იყო წლების განავლობაში.

ეს მოხმარება გაქრა, აღარ არის ანუ ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღოთ, ვეღარ იღებენ. რეზერვი, როგორც ასეთი ამ კომპანიებს არ აქვთ, რეზერვი რომ ჰქონდეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ იმდენი თანხა ჰქონდეთ, რომ რეზერვები ჰქონდეთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ტარიფი გვქონდეს მაღალი. გვინდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება იყოს უწყვეტი და მესამე, ეგვინდა, რომ ყველა კომპანიას ჰქონდეს თანაბარი პირობები. ძალიან რთულია ამის მიღწევა, მითუმეტეს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში“, - განმარტავს ფანგანი.

მისი თქმით, სემეკისგან ჰორეკა სექტორი ითხოვდა მინიმალური მოხმარების განსაზღვრასაც, რაზეც ენერგოკომპანია არ გათიშავდა ასეთი ტიპის მომხმარებლებს და თუ არ იქნებოდა ამ მინიმალურ ზღვარზე მეტი გადასახადი, არ გადაიხდიდნენ საფასურს და მაინც არ გაითიშებოდნენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მაშინვე განვუმარტეთ, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც თვითონ ეს განაწილების ლიცენზიანტები ყიდულობენ ელექტროენერგიას; საკუთარ მომსახურებას რომ თავი დავანებოთ, მათ შორის უცხოეთიდან შემოაქვთ ელექტოენერგია და აუცილებლად უნდა მოხდეს ანგარიშსწორება“, - აცხადებს ფანგანი.

სემეკი ჰორეკა სექტორთან შეხვედრას უახლოეს დღეებშიც აპირებს, რომლის საფუძველზეც დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.