მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძლებს თუ არა ღვინის ინდუსტრია სუბსიდირების გარეშე რთველის წარმართვას - ჩხაიძის შეფასება

63428434b3abb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.22 14:18
853
საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში პირველი ნაბიჯი სუბსიდირების ყურძნის ხარისხთან მიბმა იქნება, შემდეგ კი უხარისხო ყურძნის სუბსიდირების შეწყვეტა იქნება, თუმცა მეტ დეტალზე უწყებაში ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მთავრობას თეთრი ჯიშის ყურძნის სუბსიდირებისთვის 125 მლნ ლარი აქვს გათვალისწინებული, ამასთან მთავრობამ 3 ოქტომბერს სახვანჭკარე ყურძენს სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღო და 1 კგ ყურძენზე სახელმწიფო, კომპანიებს 4 ლარს გადაუხდის, დარჩენილი თანხის 3 ლარის გადახდა კი წარმოებებს თავად მოუწევთ.

შეძლებს თუ არა ღვინის ინდუსტრია (მწარმოებლები და მევენახეები) 2023 წლიდან რთველის სუბსიდირების ეტაპობრივი შემცირებით პროცესების წარმართვას - ამ კითხვას „ასკანელის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ გადაცემა Forbes Talks-ში უპასუხა.

ბიზნესმენი, თავად რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ წარმოებებს მუშაობა ამ პროგრამის გარეშე გაუჭირდებოდათ, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ დარგი მუდმივად სახელწმიფოზე დამოკიდებული ვერ იქნება.

„რთულია 2023 წლის რთველის პროგნოზირება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, გლეხს ჩაუბარებელ ყურძენს ვერ დაუტოვებენ. ბაზარზე რა მოხდება ამაზეა დამოკიდებული, თუ რეალიზაცია ისე გაიზარდა, რომ ამ მოცულობის ყურძნის გადამუშავებას მეწარმეები მარტივად შეძლებენ, რა საკვირველია, სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გავიდეს ამ პროცესიდან. ვეთანხმები აზრს, რომ არ შეიძლება დარგი სახელმწიფოს კისერზე იყოს ჩამოკიდებული. (სახელმწიფო) საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებენ და ვფიქრობ, ეს რაღაც გარდამავალ პერიოდად უნდა ჩავთვალოთ. ნელ-ნელა სახელმწიფო ამ სფეროდან უნდა გავიდეს. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ 2023 წლის რეალიზაციებს და აქედან გამომდინარე სწორად უნდა შევაფასოთ, საჭირო იქნება, თუ არა ჩართვა“, - განმარტავს გოჩა ჩხაიძე.