01.აპრილი .2020 09:20

შეძლებს თუ არა მთავრობა, კორონავირუსის ფონზე, დონორებთან მუშაობის გააქტიურებას? - შეფასება

views 359
უკან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი ღაღანიძის აზრით, ამ ეტაპზე მთავრობამ კორონავირუსის მართვის კუთხით ნაბიჯების გადადგმა უნდა გააგრძელოს, რომ შემდეგ მაქსიმალურად დააზუსტოს იმ თანხის მოცულობა, რაც მოსახლეობის, თუ კერძო სექტორის მიზნობრივად დახმარებისთვის დასჭირდება. ასე გამოეხმაურა ღაღანიძე BM.GE-ისთან საუბრისას, მთავრობის ოპონენტების ერთი ნაწილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან თანხების მობილიზების პროცესი დასაჩქარებელია.

ღაღანიძე აღნიშნავს, რომ როდესაც მთავრობას ამ კუთხით უფრო მეტს სთხოვენ, ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - დონორები თანხებს სავარაუდოდ, პირველ რიგში, იმ ქვეყნების დასახმარებლად მიმართავენ, რომლებიც ვირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დონორებთან მიმდინარე პროგრამები. ეს ეხება როგორც მსოფლიო ბანკს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, თუ სხვა დონორებს. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს მთავრობას უკვე არ ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია ამ დონორებთან, თუმცა მათი მდგომარეობაც საკმაოდ რთულია, მათ ჰქონდათ ჩამოყალიბებული გარკვეული გეგმები. ამ ვითარებამ კი სრულიად შეცვალა ყველაფერი - მათ არ იციან, რა რაოდენობის დახმარება ექნებათ (რას გამოყოფენ) და რაც მთავარია, არ იციან, ეს დახმარება როგორ განაწილდება, ვინაიდან ერთია, რომ ჩვენ კარგად ვუმკლავდებით ამ ვირსუსს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცხადია, დონორები მათ დაეხმარებიან, ვინც გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამდენად, ამ ეტაპზე ალბათ სჯობს, მთავრობამ ის ნაბიჯები გადადგას, რასაც დგამს, შეეცადოს მეტ-ნაკლები ზომით, ზუსტად გაწეროს, რომელ სექტორებს სჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლადი მაინც არ ვიცით, ეს არის დრო, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გავჩერდებით და რა დროის შემდეგ, არის შესაძლებელი ფიქრი გარკვეულ აღდგენაზე. ეს რეალობას ართულებს.

ძალიან ძნელია იმის თქმა, ზუსტად რა თანხა დაგვჭირდება და ა.შ, რადგან ჯერ არ ვიცით, მეორე კვარტალში ბიუჯეტი შესრულდება, თუ - არა, როგორი იქნება მესამე კვარტალი, როდის მოხდება აღდგენა - ამის გარეშე, როგორ შეიძლება წინასწარი პროგნოზი გავაკეთოთ?“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უკვე გადადგმული და დაანონსებული ნაბიჯები შეისწავლა. ჯამში, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები ათობით მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამებს აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა