მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეეძლო თუ არა მგფ-ს ₾23 მილიონის გახარჯვა? - ფონდის პასუხი აუდიტის სამსახურის კრიტიკაზე

61de98a26533f
მარიამ ვარადაშვილი
13.01.22 17:58
734
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 23 მლნ ლარზე მეტ თანხას არ იყენებს. კერძოდ, აუდიტი აღნიშნავდა, რომ ფონდი ფლობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დაფარვის შედეგად წარმოქმნილ ფულად სახსრებს 23 376 544 ლარის ოდენობით. "პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით არ არის განსაზღვრული დაბრუნებული თანხის მომავალი მიზნობრიობა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფულად რესურსს არ იყენებს საკუთარ საქმიანობაში, შესაბამისად, იკარგება ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა", - ესაა ამონარიდი ანგარიშიდან.

BMG დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდს 23 მლნ ლარის გახარჯვა და ასევე, მომავალში როგორ აპირებს მგფ ათეულობით მილიონის გამოყენებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ გასული წლის ნოემბერში მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, ეს თანხა [5 769 500 ევრო] “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამას მოხმარდება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ ფონდმა საჭიროებისამებრ, ნაწილობრივ ან სრულად, მიმართოს სახელმწიფო პროგრამაზე - განახლებული რეგიონები”.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ფონდი ფულად რესურსს არ იყენებდა, მუნიციპალურ განვითარების ფონდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებას არ იზიარებენ და ამ თანხის დაგროვების მიზეზებსაც განმარტავენ.

კერძოდ, მგფ-ში ირწმუნებიან, რომ 23 მლნ 2013 წლიდან გროვდება. როგორც ირკვევა, KfW-ს "განახლებადი ენერგიების" პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აკუმულირებული თანხები განთავსებული იყო ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გახსნილ ფონდის სპეციალურ სავალუტო ანგარიშზე ევროში და მას სახელმწიფო ხაზინის მიერ სარგებელი არ ერიცხებოდა.

მგფ-ის წერილობითი პასუხის თანახმად, განახლებადი ენერგიების წარმოების მხარდაჭერისთვის ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის თანამშრომლობის ბანკს (KfW) შორის 2005 წელს გაფორმდა ხელშეკრულება „განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის“ თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განისაზღვრა საქართველოსთვის გრანტის გამოყოფა 5.1 მლნ ევროს ოდენობით. ასევე, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის 18 აპრილს გაფორმდა შეთანხმება „განახლებადი ენერგიის ფონდის (REF) მართვის მომსახურების შესახებ“. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო კომერციული ბანკების ჩართულობით რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურისთვის ხელმისაწვდომი საინვესტიციო კრედიტის გაცემა. ამ მიზნით 2009 წელს ხელშეკრულებები „თიბისი“ და „ვითიბი" ბანკებთან გაფორმდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ასევე აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ამოცანები უკვე შესრულებულია და ფონდის სახაზინო ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ამონაგების (სესხის ძირი და მასზე დარიცხული სარგებელი) აკუმულირებაც დასრულებულია. ფონდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც პასუხობენ და ამბობენ, რომ ამ თანხის ათვისება მანამდე ვერ მოხდებოდა, რადგან ბოლო ჩარიხვა 2021 წლის ნოემბერში განხორციელდა. ამასთან, პროგრამის ფარგლებში აკუმულირებული თანხების წინასწარი ათვისების უფლება ფონდს არ ჰქონია.

“ფონდის მიერ აღნიშნული თანხები დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცა კომერციულ ბანკებზე, რომლებმაც ეს თანხები, KfW-სთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით, თავის მხრივ - გადაასესხეს ჰიდროელექტროსადგულებზე. ბანკენზე სესხის გაცემა დაიწყო 2009 წელს, ხოლო სესხის ბოლო ტრანში ფონდის მიერ კომერციულ ბანკებს გადაერიცხათ 2013 წელს;
პარალელურად, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე ჰიდროელექტროსადგურებმა, მათზე 2009 წლიდან გაცემული სესხის დაბრუნება დაიწყეს 2013 წელს.

ჰიდროელექტროსადგურები სესხს უბრუნებდნენ შესაბამის კომერციულ ბანკებს, რომლებიც თავის მხრივ, სესხის თანხას, მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად (დაბალპროცენტიანი სესხი) ურიცხავდნენ ფონდს. პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების მიერ, მათზე ფონდიდან გაცემული სესხის დაფარვა დაიწყო 2013 წელს და გრაფიკის მიხედვით, ვადაგადაცილების გარეშე, ეტაპობრივად დასრულდა 2021 წელს (ბოლო ტრანში ფონდს ჩაერიცხა 2021 წლის 30 ნოემბერს). ფონდისთვის ეტაპობრივად ჩარიცხული თანხების აკუმულირება ხორციელდებოდა ფონდის სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე. ოპერაციები ხორციელდებოდა ევროში. შესაბამისად, ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე მითითებული თანხები აკუმულირებულია ევროში - სულ 5.8 მლნ-მდე ევრო (საპროცენტო სარგებლის ჩათვლით)”, - აცხადებენ ფონდში.

ფონდის ცნობითვე, აკუმულირების დასრულების ზუსტად ბოლო თვეში (2021 წლის ნოემბერი) გამოიცა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 ნოემბრის N-1977 განკარგულება, რითაც ამ თანხის მიზნობრიობა განისაზღვრა.

BMG-ის კითხვაზე - რატომ არ განათავსდა პროგრამის ფარგლებში დაფარული სესხი დეპოზიტზე, ფონდში ამას მოქმედი კანონმდებლობით ხსნიან, რომელიც სავალუტო სესხების განთავსებას უკრძალავთ, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში კი, კურსთაშორისი სხვაობის გამო თანხა შემცირდებოდა.

“მითითებული თანხების აკუმულირება ფონდის სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ხორციელდებოდა ევროში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფონდს არ შეუძლია, რომ კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე განთავსების მიზნით ხაზინის ანგარიშიდან თანხები გადაიტანოს ევროში. ამისათვის საჭიროა, მოხდეს მითითებული თანხების კონვერტაცია ლარში, თუმცა თანხების ლარში კონვერტაცია და დეპოზიტზე განთავსება, ერთი მხრივ, მოგვცემდა სარგებელს, თუმცა უკავშირდება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებსაც. ამიტომ ბიუჯეტის კუთვნილ თანხებზე საკურსო რისკის გაწევა მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ამ გადაწყვეტილების სისწორის სადემონსტრაციოდ საკმარისია მივუთითოთ, რომ კონკრეტულად 2020 წელს აღნიშნული თანხების ექვივალენტი ლარში, ევროს საკურსო ცვლილებების გამო, შეიცვალა 4.6 მლნ ლარით, რაც მითითებული თანხების კომერციულ ბანკში დეპოზიტზე ლარში განთავსების შემთხვევაში მოგვცემდა 4.6 მლნ ლარის რეალურ საკურსო ზარალს”, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.