მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები ექსპორტიორებს და კახეთის "ბორდოდ" ქცევის პროექტი - "ლელოს" პროგრამა

5dff876e882ca
BM.GE
22.12.19 19:17
3680
დღეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც მამუკა ხაზარაძემ პარტიის ხედვა და მიზნები წარადგინა, გთავაზობთ, პარტიის პროგორამის ძირითად პრიორიტეტებს:

1. ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება.
ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთიდან მოვახდენთ სასამართლო სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას, ხოლო 6 თვის თავზე განვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასშტაბურ სასამართლო რეფორმას.

საქართველოში, მოკლე ვადაში უნდა მოვიწვიოთ ლონდონის ან სტოკჰოლმის არბიტრაჟის ანალოგიური საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუცია, საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად.

2. ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა. 

ვფიქრობთ, ასეთი ბირჟის გახსნა შესაძლებელია უფუნქციოდ დატოვებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო კი უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები , როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა. ისინი ამ წერტილიდან - ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი.

3. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. დასავლური ორიენტაცია იწყება სახელმწიფოს შიგნით რეფორმებით, პოლიტიკისა და ეკონომიკის რეალური მოდერნიზებით, შიდა პოლიტიკა უნდა იყოს დაფუძნებული დასავლურ სტანდარტზე, ეროვნულ ფასეულობებზე, რათა საქართველო როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყანა სრულფასოვნად ჩაეწეროს დიდ ევროპულ ოჯახში.

4. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში.  

ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური

ზონა დაასაქმებს ათეულობით ათას ადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია. ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ.

5. ჩვენი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება სწორედ ანაკლია იქნება, სადაც ისინი მიიღებენ ღირსეულ სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს. ამასთან მიგვაჩნია, რომ ასეთივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უმთავრესია აფხაზური და ოსური საზოგადოების შემორიგება, მათი ნდობის დაბრუნება. აფხაზური და ოსური ენის, იდენტობის და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაზე ზრუნვა. რადგან ადამიანების გარეშე არ არსებობს არც ტერიტორია და არც ქვეყანა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს უნდა გაძლიერდეს მათი ინტეგრაცია და აქტიური ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

6. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. ჩვენი ქვეყანა ფაქტიურად საომარ მდგომარეობაშია, განუწყვეტლივ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს თავდაცვის სისტემები, მათ შორის კიბერთავდაცვა და უსაფრთხოება.

საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, კარგად აღჭურვილი პროფესიული ჯარი, ისეთი, როგორც შვეიცარიას ან ისრაელს. ქართულ არმიაში სამსახური ყველაზე საამაყო საქმეა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ ჩვენს სამხედრო ვეტერანებს. კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო საგანგებოდ უნდა ზრუნავდეს. დღეს ისინი მიტოვებულნი არიან.

7. ქვეყნის ეფექტური მართვით ჩვენ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ჩინოვნიკთა ავტოპარკს, გამოთავისუფლებული თანხებით და სხვა რესურსებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღარ იარსებებს არცერთი მოშიმშილე ბავშვი და მოხუცი!

8. მე თავად მაქვს გავლილი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მშენებლობის გზა და ზუსტად ვიცი როგორ უნდა ხდებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარება მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.

ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება.

9. ქვეყნის მმართველობის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობების გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. უნდა არსებობდეს თბილისის, ბათუმის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის და სხვა ქალაქების ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის განვითარება არა მხოლოდ ტურისტული, არამედ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც ხდებოდეს.

საერთოდ, ქვეყნის ყველა კუთხეს უნდა მიეცეს კლასტერული განვითარების პრიორიტეტები, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული თითოეული რეგიონის აღმშენებლობის სპეციფიკა. ეს შემიძლია კახეთის მაგალითზე გითხრათ, შემუშავებული გვაქვს კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის ღერძიც იქნება ღვინის კულტურა. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კახეთმა, როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინის მხარემ, მოწინავე ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში ისევე, როგორც ფრანგულმა ბორდომ. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰქონდეს ორი უნიკალური რამ - 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორია და ქვევრი, როგორც ფენომენი და მისი ექსპორტზე გასაყიდი ერთი ბოთლის საშუალო ფასი იყოს 2 დოლარი და 40 ცენტი. არ შეიძლება ასეთი ქვეყნის ღვინო იყიდებოდეს ლიმონათის ფასად.

10. ასევე დაუშვებელია რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია 7 სახის მიკროკლიმატი, გადაქცეული იყოს იმპორტირებული საკვების მომხმარებელ ქვეყნად. სადაც შემოგვაქვს ათასობით ტონა პომიდორი, ხახვი, ვაშლი, ნიორი...

იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება - იქნება ჩვენი უმთავრესი საპროგრამო ამოცანა. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს წინადადება რომ ყველა ექსპორტზე მომუშავე საწარმოს დაუწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.

11. ქვეყანაში უქმადაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეულ ათასობით ჰექტარი მიწა. ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო პროექტსა და კანონმდებლობაზე, რომელიც დაუმუშავებელ მიწებს სახნავ სათეს ფართობად გადააქცევს. რაც თავის მხრივ განავითარებს ფერმერულ მეურნეობებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

12. ყველა ამ ინიციატივაში უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღდგენას, რათა კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოს.
უნდა არსებობდეს თანამედროვე კულტურის განვითარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.

ჩვენს გვაქვს მისია - რომ საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი კულტურის ახალ მსვლელობას, საფესტივალო, საგამოფენო, ლიტერატურული ცენტრების, ქართული თანამედროვე ხელოვნების შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას
შეიტანს მსოფლიო კულტურის საგანძურში.

13. განათლების სისტემის რეფორმამ რეალური შედეგი ვერ მოგვიტანა. ჩვენდა სამარცხვინოდ 77 ქვეყანას შორის საქართველო 74-ე ადგილზეა მოსწავლეთა განათლების დონისა და წაკითხულიდან აზრის გამოტანის მიხედვით. ჩვენი მიზანია სკოლა იყოს დეპოლიტიზებული და დეცენტრალიზებული. უნდა შევქმნათ მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა და მოვამზადოთ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ადამიანი.
ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა აფერხებდეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდას უნდა შეეძლოს ასევე წარმატებით დასაქმება. უნდა შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო ფონდი, სახელად „ეროვნული კაპიტალი“, რომელიც გამოავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, წაახალისებს უნარიან პედაგოგებს. სწორედ ეს ძალა უნდა იყოს ქართული განათლების სისტემის საყრდენი და ავანგარდი.

14. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ექსპორტი, სამწუხაროდ, არის ადამიანი, ჩვენი შრომითი და ინტელექტუალური რესურსი. ეს უნდა დასრულდეს! ემიგრანტების დაბრუნება ჩვენი ხედვისა და პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიზანია.
ის თუ რამდენი ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმ პოლიტიკის წარმატებისა, რომელსაც გავატარებთ.

15. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა - ეს იქნება ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის წარმატების მთავარი ნიშნული. ხარისხიანი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა, დაავადებების პრევენცია, ფარმაცევტული ბაზრის დემონოპოლიზაცია, - ეს ყველაფერი მოემსახურება იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს და ჩვენ მივუახლოვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პარამეტრით წინა რიგებში არიან. ამავე დროს, საქართველო უნდა ვაქციოთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად.

16. ენერგოდამოუკიდებლობა და სუფთა ენერგიის წარმოება, მწვანე განვითარება, სუფთა ჰაერი, ეკოლოგია, ბიოწარმოება და ორგანული სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი საკვები , სწორი ურბანული განვითარება... წარმოებულია და მოყვანილია საქართველოში უნდა იყოს მსოფლიო სტანდარტის ხარისხის ნიშანი.

17. და რაღა თქმა უნდა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა. ჩვენი კლებადი ერი უნდა იქცეს მზარდ ერად და მისი საფუძველი ოჯახის კეთილდღეობა, ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვა, ახალი თაობის დაცული და უსაფრთხო მომავალი უნდა
გახდეს.

ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ჩვენს უკვე გაჟღერებილ მიზანს - საქართველოს გაეროს ბედნიერების ინდექსის მოწინავე რიგებში გაყვანას. ყველა ეს პარამეტრი ერთად შექმნის ბედნიერ ქვეყანას, ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს და უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას.