მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები მშენებლობების დასრულებისთვის - კანონი შესაძლოა, რეგიონებზეც გავრცელდეს

5ec52f72957be
დავით ჯალაღონია
20.05.20 17:50
1154
დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტები, ზონალური შეთანხმების მოსაკრებლებისგან შესაძლოა, რეგიონშიც გათავისუფლდნენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომელიც მართალია, თბილისის მასშტაბით არსებულ ობიექტებს ეხება, თუმცა სავარაუდოდ, მთავრობა დამატებით, სამართლებრივ აქტებში ცვლილებებს შეიტანს და შეღავათები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

"მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ამჟამად დაუმთავრებელი მშენებლობა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არის დადგენილი ანუ განსაზღვრულია დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მხოლოდ თბილისში არსებული მშენებლობისთვის.

ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობას მიეცემა გონივრული ვადა, რათა თავისი აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში ამ კანონთან, რაც გულისხმობს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი განისაზღვრება მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ.

რაც შეეხება პირობებს, ობიექტები, რომლებიც მშენებლობას 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულებენ, ზონალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდებიან. ეს მოსაკრებელი შესაბამისი ფორმულით იანგარიშება, სადაც მიწის ნაკვეთის ფასი, ფართობი და განაშენიანების ინტენსივობაა გათვალისწინებული.

მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, თბილისში ამ ეტაპზე 180 დაუმთავრებელი მშენებლობაა. მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები.

რა გავლენა ექნება ამ შეღავათს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლებზე, უცნობია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პირი ისარგებლებს კანონში შესული ცვლილებებით. გასულ პერიოდში კი, მერაბ ქვერაიას ინფორმაციით, საბიუჯეტო შემოსავალი კ2 მოსაკრებლისგან წლიურად დაახლოებით 10 მილიონი ლარი იყო, თუმცა ეს თანხა ყოველწლიურად იკლებს.

"ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული მიდგომა ინვესტორებს მშენებლობების განახლებისთვის სტიმულს მისცემს.