მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები, რომელიც საქართველოში FDI-ს მოსაზიდად უნდა დაწესდეს - Galt & Taggart

5ef99e21c5356
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 12:45
1279
საქართველო საჭიროებს საინვესტიციო სტრატეგიის განახლებას - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელის საჭიროება გლობალური ცვლილებების პირობებში“, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საჭიროებების მიმოხილვაში წერია. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წელს FDI მნიშვნელოვნად შემცირდება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მიმართულებით.

„ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს, განსაკუთრებით მსოფლიოში ამ კუთხით გამძაფრებული კონკურენციის პირობებში. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

მიმოხილვაში აღნიშნულია ის კონკრეტული უპირატესობები, რომელიც საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში აქვს:

• 2.3 მლრდ მომხმარებლის ბაზრებზე წვდომა საბაჟო გადასახადის გარეშე
• დაბალი გადასახადები
• კომუნალური და სამუშაო ძალის დაბალი ხარჯები
• კორუფციის დაბალი დონე
• ხელსაყრელი ბიზნეს გარემო
• თავისუფალი ინდუსტრიული ზონები
• სტრატეგიული მდებარეობა

დოკუმენტში გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელშიც FDI-ის მოზიდვა პერსპექტიულია: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება მედიკამენტების და სხვა ქიმიური წარმოება ელექტრონული პროდუქტების წარმოება ტრანსპორტი და დასაწყობება ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი.

თუმცა მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას და შრომითი ძალის უნარ-ჩვევების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია, საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

Galt&Taggart-ს ამ მიმართულებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგები აქვს მოყვანილი, სადაც 2019 წელის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში სამუშაო ძალის რეიტინგში საქართველოს 141 ქვეყნიდან პროფესიული განათლების ხარისხის კუთხით 135 -ე ადგილი, სამუშაო ძალის უნარებით და კურსდამთავრებულთა უნარებით - 125-ე ადგილი, თანამშრომელთა დატრენინგებით - 123-ე ადგილი, კვალიფიციური კადრების მოძიების სიმარტივით - 120-ე ადგილი, ხოლო სამუშაო ძალის ტექნოლოგიური უნდარებით - 107-ე ადგილი უკავია.

რაც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურის რეიტინგს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, 141 ქვეყნიდან საქართველო 73-ე ადგილზეა და ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და სომხეთს.

Galt&Taggart-ის შეფასებით, ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომ მოიზიდოს, საჭიროა:

• შეისწავლოს წარმატებული ქვეყნების საინვესტიციო სტრატეგიები;
• მოახდინოს სექტორებისა და პოტენციური ინვესტორი ქვეყნების იდენტიფიკაცია;
• პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიკაცია;
• სექტორებზე მორგებული საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება;
• აგრესიული საკომუნიკაციო სტრატეგიის დაწყება.

ამასთან, მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტი მოიცავდეს ისეთ შეღავათებს, როგორიცაა:

• მიწასა და უძრავი ქონებაზე შეღავათები;
• სექტორული ინდუსტრიული ზონებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით შეღავათები;
• საგადასახადო შეღავათები;
• მიზნობრივი გრანტებისა და თანამშრომლების გადამზადება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $165.4 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელზე 41.7%-ით ნაკლებია.