მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 140%-ით მეტი კრედიტია გაცემული - სამინისტრო

60e86e44581df
ინგა მურუსიძე
09.07.21 19:40
712
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 6 თვეში 235 მლნ ლარის კრედიტია გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 140%-ით აღემატება- ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აგროდაზღვევაზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი, ხოლო დაზღვეული ფართობები გასული წლის 6 თვესთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია.

„სწორედ ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო მოგვიწია დამატებითი თანხების მოთხოვნა ბიუჯეტიდან. ყველა მიმართულებით, მოთხოვნა არის გაორმაგებული. “შეღავათიანი აგროკრედიტი“ რომ ავიღოთ მაგალითად, 235 მლნ ლარის სესხი არის გაცემული პირველ 6 თვეში და შარშანდელთან შედარებით ეს არის 140%-ით მეტი. ანუ მოთხოვნა ძალიან მზარდია და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ვინაიდან ბენეფიციარები, ჩვენი ფერმერები უფროდაუფრო ინტერესდებიან ამ პროექტებით.

„დანერგე მომავალში“ 10-ჯერ მეტი განაცხადია შემოსული, ვიდრე გასულ წელს, შესაბამისად, გვიწევს ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნა. დაახლოებითი გათვლაც გვაქვს გაკეთებული, უკვე გაშენებული ბაღებიდან მომავალი 4-5 წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მილიონის შემოსავალი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის 2025 წლისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.

ინფორმაციისთვის, კორექტირებული ბიუჯეტიდან დამატებით 177 მლნ ლარი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიემართება.