მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში თანადაფინანსების პროცენტი იზრდება

5eba9995126f2
ინგა მურუსიძე
12.05.20 23:10
1249
„შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში თანადაფინანსების პროცენტი იზრდება, - გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში ასახა.

კერძოდ, არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. ამასთან, იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12%.

„ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში)“, - ნათქვამია ანტიკრიზისულ გეგმაში.

ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

„კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში“, - ნათქვამია გეგმაში.

პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება კიდევ ერთი ქვეკომპონენტი - მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

კერძოდ, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში - წლიური 17%-ის მოცულობით.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი.

წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს“, - წერია მთავრობის გეგმაში.