მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჰყავს თუ არა ბიზნესი ჩიხში შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს?- მორიგი საჯარო განხილვა

5dc18eb61c3a3
სალომე მეცხვარიშვილი
06.11.19 10:15
1108
უნდა ამოიღონ თუ არა შრომის კოდექსიდან მუხლები, რომელიც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს თანამშრომელი კანონში გაწერილი საფუძვლების გარდა, გაათავისუფლოს “სხვა ობიექტური მიზეზების” გამო. ახალი რედაქციით, დამსაქმებელს ვადიანი ხელშეკრულების დადებაც აღარ შეეძლება “სხვა ობიექტური გარემოებების” გამო. შესაბამისად, დამსაქმებელს მოუწევს მხოლოდ უვადო ხელშეკრულებები გააფორმოს თანამშრომელთან რამდენიმე გამონაკლისის გარდა (ეს გამონაკლისებია: სამუშაოს სეზონურობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული რაოდენობის სამუშაოს შესრულება, კონკრეტულ პერიოდში სამუშაოს მოცულობის ზრდა, კონკრეტულ პერიოდში სხვა თანამშრომლის ჩანაცვლება). აღნიშნულ ცვლილებებს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა.

კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ან უნდა დაზუსტდეს “სხვა ობიექტური” გარემოებები ან ის უბრალოდ უნდა ამოიღონ კოდექსიდან.

“ხშირ შემთხევავში ეს ჩანაწერი იწვევდა ბუნდოვანებას და უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, ამ გარემოებას უთითებენ. სასამართლოში მიმართვის შემთხვევის უმეტესობაში კი, მომჩივანი სამსახურში აღდგენას ითხოვს. როგორც ჩანს, ამ ქვეპუნქტის გამოყენება ხდებოდა არაკეთილსინდისიერად. ამიტომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ეს საკითხი, რომ ან ამოვიღოთ, ან დაზუსტდეს ეს ჩანაწერი, რომ დასაქმებულმა ზუსტად იცოდეს - როდის შეუძლიათ მისი სამსახურიდან გათავისუფლება და როდის - არა”,- აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ბიზნესასოციაციები კი, არც ამ მუხლის ამოღებას და არც მის დაზუსტებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ამ სახით ცვლილებების მიღება ბიზნესს ჩიხში შეიყვანს. კერძო სექტორს საკუთარი არგუმენტაციაც აქვს, მაგალითად, მათი ინფორმაციით, ახალ კოდექსში თანამშრომლის გათავისუფლების საფუძვლებს შორის აღარ არის დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; ამასთან კანონის არცერთი რედაქცია არ თვალისწინებს თანამშრომლის გათავისუფლებას კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის გამო - ეს დარღვევა კი, აქამდე შესაძლებელი იყო “სხვა ობიექტურ გარემოებებეში” გასულიყო და თუ ეს მუხლი კოდექსში აღარ იქნება, ჩიხური სიტუაცია შეიქმნება.

“თუ კონკრეტულ ჩამონათვალს განვსაზღვრავთ, რა შემთხვევაში ენიჭება დამსაქმებელს უფლება გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, უბრალოდ ეს ვერ იქნება ამომწურავი ჩამონათვალი. შეიძლება არსებობდეს მთელი რიგი გარემობები, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იქნებოდა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი და ამომწურავი ჩამონათვალის პირობებში, ეს გვეზღუდება.

რეალურად ჩიხში და კოლაფსისკენ შეიძლება წავიდეს ბიზნესი, რადგან დარჩეს სამსახურში ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად შეუფერებელია თანამდებობისთვის და არ არსებობს ამ თანამდებობაზე მისი დასაქმების საფუძველი. მაშინ ბიზნესმა უნდა იფიქროს სხვა გამოსავალზე, როგორ შეიძლება გაათავისუფლოს ეს ადამიანი თანამდებობიდან”,- აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მთავარი იურისტი თეონა კუპრეიშვილი.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი კი, არ ეთანხმება კოდექსიდან “სხვა ობიექტური გარემოებების” ამოღებას ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების დროს.

“შრომის კოდექსის დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს პირობებს იმისთვის, რომ დასაქმებულს ჰქონდეს საშუალება გააფორმოს ვადიანი ხელშეკრულებები. მათ შორის ერთ-ერთი არის "სხვა ობიექტური გარემოებები". შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, ობიექტური გარემოებების ამოღება ხდება. შესაბამისად, რჩება მხოლოდ ლიმიტირებული ჩამონათვალი, მაგალითად, "სეზონურობა", "კონკრეტულ პერიოდში შესასრულებელი დიდი მოცულობის სამუშაოები" და კოდექსი აღარ აძლევს დამსაქმებელს საშუალებას, რომ ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში გააფორმოს ვადიანი ხელშეკრულებები. მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი მიდგომა და ბიზნესისთვის დიდი წნეხი იქნება, რომ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, იძულებული იყოს, გააფორმოს მხოლოდ უვადო შრომითი ხელშეკრულებები”, - აცხადებს ბოლოთაშვილი.

შედარებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულ ცვლილებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი და ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.