მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჰყავთ თუ არა ცენტრებს შეცდომაში თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები?

5e1574282300a
თამუნა ქემერტელიძე
08.01.20 10:22
7837
შეჰყავთ თუ არა შეცდომაში აკრედიტირებულ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები?როგორც Bm.ge-ის საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერიამ განუცხადა, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება თხევადი გაზის ტექინსპექტირების შესახებ, რომელიც თხევადი გაზის სისტემის და აირბალონის მოწყობილობის შემოწმებას ითვალისწინებს, ავტომფლობელების მხრიდან ასოციაციაში საჩივრების რაოდენობა არ წყდება. მიზეზი კი, მისი თქმით, „აკრედიტირებული ცენტრების მიერ დადგენილი ის არაადეკვატური საფასურია, რომელსაც მძღოლებს აირბალონების შემოწმების შედეგად უსაფუძვლოდ ახდევინებენ”.

კერძოდ, საქმე ეხება მთავრობის მე-80 დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, აირბალონი უნდა შემოწმდეს 5 წელიწადში ერთხელ. ინსპექტირების ცენტრებში კი, ამბობენ, რომ აირბალონების შემოწმება დაუყონებლივ უნდა მოხდეს, რისთვისაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა 250 ლარი უნდა გადაიხადოს, მაშინ როდესაც სრულიად ახალი აირბალონის ყიდვა 150-200 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

გარდა ამისა, ნებისმიერ აირბალონს, რომელიც ქარხანაშია დამზადებული, ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ისედაც თან ახლავს და მისი ვადაზე ადრე შემოწმება საჭიროებას არ წარმოადგენს და ამისთვის არც დამატებითი თანხების გადახდაა აუცილებელი.

როგორც ჩანს, ავტომობილების მფლობელებში “დაბნეულობა” მთავრობის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონის და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად კი, გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.

მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონის და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს „გაზკონტროლი“ (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67), შპს „ჰესლერი“ (ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100), შპს „გიომოტორსი“ (ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63), შპს „გიომ1“ (ქ. ქუთაისი, აბაშიძის ქ. N32).

BM.GE-მ ინფორმაციის გადამოწმება ერთ-ერთ ცენტრში სცადა, სადაც მოქალაქის სახელით დავრეკეთ. ტექინსპექტირების ცენტრში პირდაპირ გვითხრეს, რომ 1 იანვრიდან აირბალონის შემოწმება აუცილებელია, მაშინ როდესაც კანონი მიუთითებს, რომ აირბალონის პირველი ინსპექტირება ხდება მისი დამზაადებიდან შესაბამისი ტიპის აირბალინისთვის, ამ მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შედეგ (ანუ 5 წლის შემდეგ). გარდა ამისა, ცენტრში გვითხრეს, რომ აირბალონი ავტომობილის ცენტრში მიყვანისას ცარიელი უნდა ყოფილიყო და თუ 8 იანვრის შემდეგ მივიდოდით, შემოწმება არა - 250 ლარი, არამედ 220 ლარი დაგვიჯდებოდა.

კითხვაზე - თუ რატომ უნდა გადავიხადოთ 250 თუ 220 ლარი 25 ატმოსფეროზე (250 ლარი) შემოწმებისას, როდესაც 300 ატმოსფეროზე 130 ლარი ჯდება, გვიპასუხეს, რომ ადგილზე მისვლის შემთხვევაში, უკეთ აგვიხსნიდნენ.

საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას განცხადებით, კი, ფასი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრებში სთავაზობენ ავტომფლობელებს, არაადეკვატურია და 25 ატმოსფეროზე ღირებულება 30-50 ლარი ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

„მთავრობის მე-80 დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, აირბალონი შემოწმებას ექვემდებარება მისი გამოშვებიდან 5 წლის თავზე - ანუ გამოშვებიდან 5 წლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შემოწება, ხოლო სისტემა კი, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა მოწმდებოდეს, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ სასურველია, სისტემა დამონტაჟებიდან უმოკლეს ვადაში შემოწმდეს. ფაქტია, სისტემები შესამოწმებელია, მაგრამ ფასი, რომელსაც სთავაზობენ ტექინსპექტირების ცენტრები აირბალონის შემოწმებაზე, არაადეკვატურია. ასოციაცია მუშაობს მთავრობასთან, რომ საკითხი დარეგულირდეს უმოკლეს ვადაში”, - აცხადებს ხოფერია.

მისივე მტკიცებით, ცენტრებმა დადგენილება საკუთარ თავზე მოირგეს და ფასიც არაადეკვატური დაადეს.