21.დეკემბერი .2019 15:00

შეიცვლება თუ არა 200 000-ლარიანი სესხის ლარში გაცემის ლიმიტი?

views 426
უკან

„ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ 200,000 ლარამდე ლარში სესხების ვალდებულების ჭერი 100,000 ლარამდე ჩამოიწევს“, - ასე უპასუხა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა შემცირებულიყო სავალუტო სესხებზე დაწესებული 200,000 ლარიანი ლიმიტი, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ-ჯერობით წარდგენილი არაა.

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ 100,000 ლარამდე არ ჩამოსწევენ ზღვარს, მაშინ კარგი იქნება თუ ეროვნულ ბანკს მაინც მისცემენ იმ დისკრეციას, რა შემთხვევაში გაიცეს ვალუტაში სესხები და რა შემთხვევაში - არა.

„200,000 ლარიანი ზღვრის ჩამოწევის წინაპირობა არის ორი: ერთი, ის, რომ უფრო მეტი ვალუტა გაჩნდეს ეკონომიკაში, უფრო მეტი სავალუტო სესხის გაცემის შესაძლებელობა გაჩნდეს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის რომ 200,000- ლარიანმა ზღვარმა შექმნა ტექნიკური პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ვეღარ იღებენ სესხს უცხოურ ვალუტაში, ასევე არიან კომპანიები, რომლებიც პირდაპირ დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში ანუ პირიქით, ლარში აღებულ სესხზე შეიძლება უფრო ჰქონდეთ სავალუტო რისკი, ვიდრე უცხოურ ვალუტაში აღებულზე. ჩვენ ისევ მნიშვნელოვანდ მიგვაჩნია აღნიშნული ზღვრის ჩამოწევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ სრულად არ იქნება ეს ზღვარი ჩამოწეული, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ცვლილებაც, თუ კონკრეტული მიმართულებებისთვის იქნება ჩამოწეული და ეროვნული ბანკის მართვის ქვეშ გადავა რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ასი ათასიდან - ორასი ათას ლარამდე გაიცეს სესხები“, განაცხადა ძნელაძემ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა