მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება, 3 ფერმა დაიხუროს, მაგრამ შარშან 5 ფერმა გაიხსნა“, - ხანიშვილის პასუხი მერძევეებს

60bf760e26d89
ინგა მურუსიძე
08.06.21 18:24
1810
"მერძევეობის დარგში ცუდი ამბებია და თუ სიღრმისეულად არ მიეხედა, პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს”, - ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, „მაღალპროდუქტიული ჯიშის მერძეული ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იკეტებიან ან წარმოებას ანახევრებენ“. მათ შორის საუბარია „შირაქის“ ფერმაზე, რომლის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძეა. ის ამბობს, რომ ფერმას ხურავს და საქონელს ყიდის. ამასთან, მერძევეების ნაწილი ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა სექტორის დასახმარებლად ნაბიჯებს არ დგამს.

Bm.ge-სთან საუბარში ინდუსტრიის პრეტენზიებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა. გელა ხანიშვილის თქმით, მერძევეობის დარგი ქვეყანაში ძალიან კარგად ვითარდება და ამაზე ახლადგახსნილი საწარმოების მაჩვენებელიც მეტყველებს.

"საწყენია, თუკი რომელიმე ფერმერი ვერ უძლებს კონკურენციას. შესაძლოა, მენეჯმენტის პრობლემაა ან სხვა მიზეზი.  საქართველოში ძალიან ბევრი ხელშემწყობი პროექტია, რომელიც სოფლის მეურნეობის, მათ შორის მერძევეობის განვითარებას უწყობს ხელს. არაფერია განსაკუთრებული იმაში, თუკი ფერმერები ეძებენ სხვადასხვა გზას, სხვადასხვა გამოსავალს, თუმცა  ჯამურად, სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდა გვაქვს და რაიმე საგანგაშო ამ სფეროში არ ხდება. საუბარი იმაზე, რომ ფერმები იხურება, არასწორია“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ფერმებს და მათ პრობლემებს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამივე ფერმის ("შირაქი“, "შტორი“, "მწვანე რანჩო“) პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, პრობლემურ საკითხებზე სამივეს ხელმძღვანელობასთან უსაუბრია და "სინამდვილეში მათ სულ სხვა, მათ შორის, მენეჯმენტის პრობლემები აქვთ".

"სამივეს ვიცნობ, პრობლემები ვიცი, ნამყოფი ვარ მათ ფერმებში, სამივესთან მაქვს ნასაუბრები, მათ შორის მენეჯმენტზე, ფინანსების სწორ დათვლაზე...", - ამბობს გელა ხანიშვილი და დასძენს, რომ საწარმოებმა ისარგებლეს სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის - "შეღავათიანი აგროკრედიტით".

ამასთან, ის გამორჩეულად უსვამს ხაზს „შირაქის“ ფერმას, რომელიც მისი მფლობელის ინფორმაციით, იხურება.

„არის საუბარი მაგალითად, ნიკოლოზ ბენიაიძის ფერმაზე, რომელიც გარკვეული სულადობის საქონელს ყიდის, რადგან სერიოზული ფართობის მოსავალი აქვს ასაღები. ერთეულ ფერმებს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონდეთ, თუმცა პრობლემა მათშია საძებნი, რადგან მაგალითისთვის დაგისახელებთ ჰოლანდიურ ფერმას, რომელიც ვითარდება... ახალი ფერმები შენდება; ძალიან საწყენია, თუკი ნიკოლოზ ბენიაიძე ფერმას ხურავს, თუმცა ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა. ჩემი ინფორმაციით, ის ფერმას ხურავს, რადგან ხორბლის, ქერის და სიმინდის მოსავალი აქვს ასაღები. მას სჭირდება 100 ათასობით ლარი ანუ საქონელს თავისივე ბიზნესისთვის ყიდის“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ყველა ბიზნესისთვის  თანაბარკონკურენტული გარემოა.

„ნებისმიერი ბიზნესი შეიძლება ამა თუ იმ გარემოების გამო გაკოტრდეს, თუმცა სახელმწიფოში არსებობს ყველანაირი პირობა, რომ ეს ასე არ მოხდეს. სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია თანაბარკონკურენტული გარემო ყველა ბიზნესისთვის, შექმნილია თავისუფალი საბაზრო პირობები, არ ხდება ბაზარზე ვინმეს ლობირება, დამატებით ვინმეს სუბსიდირება და ა.შ. ამდენად, შეიძლება, 3 ფერმა დაიხუროს, მაგრამ შარშან 5 ფერმა გაიხსნა“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.