მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოგვიწიოს - არჩილ მესტვირიშვილი

616dc1fe7cc3b
თამთა ჯიჯავაძე
18.10.21 22:48
1017
ჩვენ მოგვიწევს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. შეიძლება მეტი გამკაცრებაც მოგვიწიოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

მისივე თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა მონეტარული პოლიტიკის კუთხით და ზოგადადაც, არის მაღალი ინფლაცია, რომელიც მესტვირიშვილის განცხადებით, ძირითადად გარე ფაქტორებიდანაა გამოწვეული.

„მსოფლიოში ყველგან არის მაღალი ინფლაციის გამოწვევა, ეს გადმოეცემა ადგილობრივ ინფლაციას. თუ ერთობლივი მოთხოვნა წინა პერიოდებში იყო ინფლაციის შემცირებისკენ მიმართული, 2021 წელს, რადგან გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, ერთობლივი მოთხოვნა არსებულ ინფლაციას აღარ ამცირებს. შესაბამისად ეროვნული ბანკის პასუხია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

დღევანდელი პროგნოზით, ჩვენ მოგვიწევს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. შეიძლება მეტი გამკაცრებაც მოგვიწიოს. პროგნოზია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. გამკაცრებულ პოლიტიკას ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ, თუმცა საპროცენტო განაკვეთებს ნელნელა შევამცირებთ.

არსებულ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ძლიერი კერძო სექტორი და არ გვაქვს ფისკალური სტიმულირების საჭიროება, სწორი პოლიტიკის ნაზავი იქნებოდა ფისკალური კონსოლიდაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ ზედმეტად არ მოვუჭიროთ კერძო სექტორს, მონეტარული პოლიტიკა დამატებით არ გავამკაცროთ, ან საჭიროების შემთხვევაში დავიწყოთ შერბილება.

საბოლოო ჯამში ფისკალური ხარჯების შემცირებით მივიღებთ ასევე მაღალ ზრდას, ოღონდ უკვე კერძო სექტორის ხარჯზე. დღეს ფისკალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობაა გაზრდილი, პანდემია დასრულებული არ არის და პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები მომავალ წელს შეიძლება მეტი იყოს, ამიტომ ჩვენი გადმოსახედიდან თუ იქნება შესაძლებელი, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს, ეს საშუალებას მოგვცემს ნაკლებად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ წელს და მომავალი წლის განმავლობაში", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 15 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა. მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.