მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება, საქართველო მძინარე მზეთუნახავია, ის უნდა გააღვიძოთ - უძვირესი ღვინის მწარმოებელი

6032988232148
BM.GE
22.02.21 10:10
1203
შეიძლება, საქართველო მძინარე მზეთუნახავია და თქვენ ის უნდა გააღვიძოთ, – ასე აფასებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მსოფლიოში უძვირესი ღვინის მწარმოებლის Liber Pater–ის დამფუძნებელი ლუიკ პასკე. ქართული ღვინის შესახებ მან გადაცემა “Forbes კვირაში” ისაუბრა.


“საქართველო ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ღვინო ამ ქვეყანაში დაიბადა. თქვენ უამრავი ავთენტური ჯიში გაქვთ. ჩვენ გვსურს თქვენი ღვინის აღმოჩენა. ჩვენ გვაქვს ლამაზი ბრენდის შექმნის პოტენციალი და ეს შესანიშნავია სწორედ თქვენი ღვინის ისტორიის გამო. შეიძლება, საქართველო მძინარე მზეთუნახავია და თქვენ ის უნდა გააღვიძოთ, რადგან ის შესანიშნავი ქვეყანაა.

ჩემთვის, ნამდვილი მეღვინეობის აღმოჩენა შესაძლებელია ხმელთაშუა და შავი ზღვისპირეთში. ღვინო ამ ტერიტორიებზე დაიბადა. შესაძლებელია, კარგი მაგრამ არატრადიციული ღვინის დამზადება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღვინო არ არის მხოლოდ ალკოჰოლი წყლით. ეს ჩვენი კულტურაა, ეს ევროპული კულტურაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ, როგორც საგანძური მომავალი თაობისთვის. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ყველამ იცის საქართველო. დარწმუნებული ვარ ფანტასტიური ჯიშები გაქვთ. ევროპაში ვიცით, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა. მაშინ რატომ ვერ ვხვდებით ევროპაში კარგ ქართულ ღვინოს? მე უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ საქართველოში, თუმცა, საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ინტენსიური შრომა”,- აცხადებს ლუიკ პასკე.

ის საკუთარი კომპანიის ისტორიასაც ჰყვება და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ უძველესი ფრანგული ჯიშების აღდგენით შეძლო უნიკალური ღვინის წარმოება.

“როდესაც ღვინის გემოში ერთ ელემენტს ცვლი, ყველაფერი იცვლება. ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფრის თავიდან გადარგვა. დღეს, როდესაც კრიტიკოსები საუბრობენ ღვინოზე, ისინი საუბრობენ „Full body-ზე“, შაქარზე, ალკოჰოლზე. თუმცა, ეს არ არის ღვინო, ეს სუპია. დღეს ხალხი აყენებს ღვინოს არა როგორც ისტორიულ და კულტურულ პროდუქტს, არამედ ქმნიან მას კრიტიკოსებისთვის” – აცხადებს მეღვინე.

ლუიკ პასკემ 2015 წელს გადაწყვიტა დიდი ხნის წინ დავიწყებული მაღალხარისხიანი ჯიშებიდან ღვინო ეწარმოებინა. ფრანგული ძვირადღირებულ ღვინო Liber Pater–ი შეზღუდული რაოდენობით გამოდის და წლიურად მისი გამოშვება 1000 ბოთლს არ აღემატება და მისი ღირებულება 30 ათას ევროსაც აღწევს.