მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება თუ არა COVID-19 ჩაითვალოს ფორს-მაჟორად? - PWC

5e78c0692386d
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.20 18:00
9119
კორონავირუსის ეპიდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში მარავალი ბიზნეს სუბიექტის მიერ დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჩანაწერები ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ სწორედ ასეთ ვითარებაში ხდება ყველაზე აქტუალური. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PWC-ის ქართულმა წარმომადგენლობამ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს, ასევე საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის გათვალისწინებით, მოამზადა იურიდიული შეფასება თუ რა მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს ფორს-მაჟორად.

PWC - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

COVID-19 ან მისგან გამომდინარე გარემოებები შესაძლებელია ჩაითვალოს ფორს-მაჟორად (დაუძლეველი ძალა) და გახდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

გარემოების ფორს-მაჟორად მიჩნევისთვის აუცილებელია დაკმაყოფილდეს ყველა შემდეგი წინაპირობები:

გარემოებამ უშუალოდ უნდა გამოიწვიოს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა - მიუხედევად COVID-19-ის მასშტაბურობისა, აუცილებელია პირმა დაასაბუთოს, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია. ფორს-მაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი.

გარემოება უნდა იყოს უჩვეულო და მხარის კონტროლს მიღმა წარმოშობილი - COVID-19 თავისი ბუნებით უჩვეულო და მხარეთა კონტროლს მიღმა წარმოშობილი მოვლენაა. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს წარმოიქმნა თუ არა ვალდებულების შესრულებისათვის ხელშემშლელი გარემოება მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად.

გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება გონივრულად შეუძლებელი უნდა იყოს - თუ მხარეს ხელშეკრულების დადებისას შეეძლო გაეთვალისწინებინა ან შემდგომ თავიდან აეცილებინა გარკვეული მოვლენის დადგომა, მაშინ იმისდა მიუხედავად, რომ მოვლენა ობიექტურად მასშტაბური ხასიათისაა და პირს ხელს უშლის ვალდებულების შესრულებაში, ის მაინც ვერ მიიჩნევა ფორს-მაჟორად. ამ მხრივ, შესაფასებელია, ჩაითვლება თუ არა წინდახედულობის დარღვევად შემთხვევა, როდესაც პირი არ იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს COVID-19-თან დაკავშირებით და შედეგად დადგება გარემოება, რის გამოც მხარე ვალდებულებას ვეღარ ასრულებს.

რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს, თუ COVID-19 ან მისგან გამომდინარე გარემოებები მხარისთვის ფორს-მაჟორად ჩაითვლება?

1) ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, მაგრამ ხელშეკრულების მიმართ ინტერესი დაკარგული არ არის - ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულება ერთგვარად „შეჩერებულია“. ფორს-მაჟორის პერიოდში მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას და მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თუმცა, ფორსმაჟორის აღმოფხვრის შემდგომ მხარე ვალდებული იქნება შეასრულოს ხელშეკრულება. ამდენად, ფორს-მაჟორის არსებობამ მხარე შეიძლება გაათავისუფლოს მეორადი ვალდებულების (მაგალითად ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა) და არა ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან (მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ვალდებულება ნივთის მიწოდებაზე, თუკი მყიდველს ფორს-მაჟორული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ კვლავ აქვს ნივთის მიღების ინტერესი).

2) ვალდებულების შესრულება შეუძლებელია და ხელშეკრულების მიმართ ინტერესი აღარ არსებობს - გარკვეულ შემთხვევებში, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისას, ხელშეკრულების მიმართ მხარეთა ინტერესი იკარგება, რის გამოც სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს. თუ აშკარაა, რომ ფორს-მაჟორის გამო ვალდებულების შესრულება არა დროებით, არამედ საერთოდ შეუძლებელია, მაშინ მხარეებს უფლება ექნებათ უარი თქვან ხელშეკრულებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, რადგან ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება.

3) შესრულება გართულდეს - აღნიშნული ზოგადად მხარის რისკია, თუმცა, შესაძლებელია ამა თუ იმ გარემოებამ უკიდურესად დაამძიმოს მისი მდგომარეობა. ასეთ დროს მხარეს შეუძლია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული უფლება და მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება შეუძლებელია, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნას მკაცრი სტანდარტი აქვს, კერძოდ, მხარემ უნდა დაასაბუთოს რომ: (i) ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებები აშკარად შეიცვალა, (ii) რაც უკიდურესად ამძიმებს ვალდებულების შესრულებას, (iii) გარემოებები წარმოიშვა მხარის კონტროლს მიღმა, (iv) მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო, და (iv) ხელშეკრულების გართულება სწორედ ამ შეცვლილი გარემოებით არის განპირობებული.

COVID 19-ის გავრცელების შედეგად შესაძლოა გაძვირდეს სამშენებლო მასალები, აუცილებელი გახდეს ტვირთის ან მასალის ტრანსპორტირების მარშუტის ცვლილება, სხვა ქვეყნიდან მუშახელის ჩამოყვანა და ა.შ.. ასეთ დროს, შესაძლებელია მხარეს უკიდურესად დაუმძიმდეს ვალდებულების შესრულება, რის გამოც, ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.

შეუძლია თუ არა მხარეს მიუთითოს COVID-19-ზე ვალდებულების შეუსრულებლობისას, როდესაც ფორს-მაჟორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის?

ხელშეკრულებით ფორს-მაჟორის დებულებების გათვალისწინება მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებას აადვილებს. სწორედ ამის გამო, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა შეთანხმებას, მათ შორის, რა ითვლება ფორს-მაჟორად, როგორ უნდა დაადასტუროს მხარემ ფორს-მაჟორის არსებობა, რა ვადაში უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორის წარმოშობის შესახებ და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვადის დაუცველობას. აგრეთვე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მხარემ ფორს-მაჟორიდან გამომდინარე ზიანის შესამცირებლად და უნდა შეეცადოს თუ არა მოძებნოს ალტერნატიული გზა ვალდებულების შესასრულებლად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფორს-მაჟორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, მხარეს მაინც შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებს და მოითხოვოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ზოგადი წესის თანახმად, პირს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ აღნიშნული მისი ბრალით არის გამოწვეული. თუ პირი დაამტკიცებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მაშინ მხარის ბრალი გამოირიცხება და მას არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა თუ სხვა პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც ბრალის არსებობა აუცილებელია.

რა ხდება, როდესაც მხარე ვერ აწვდის კრედიტორს შეთანხმებულ ნივთს იმ მიზეზით, რომ მხარის მომწოდებელი იმყოფება ფორს-მაჟორულ გარემოებაში და, თავის მხრივ, არ შეუძლია ამ ნივთის მხარისთვის მიწოდება?



A-ს ფორს-მაჟორული გარემოება ავტომატურად არ გავრცელდება B-ზეც და ვერ გაათავისუფლებს მას C-ს წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან. ცალკე უნდა შეფასდეს B-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არის თუ არა ფორს-მაჟორით, რისთვისაც, მათ შორის, გამოკვლეულ უნდა იქნას შესაძლებელია თუ არა A-ს გარდა სხვა მომწოდებლისგან საქონლის მიიღება.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID 19-ს ტურისტულ ხელშეკრულებებზე?

COVID 19-ის გავრცელების გამო მთელმა რიგმა ქვეყნებმა, ისევე როგორც საქართველომ, საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვები დააწესეს. აგრეთვე, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაიცა რეკომენდაციები კონკრეტულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებაზე. საქართველოს კანონმდებლობა როგორც ტურისტს, ასევე მოგზაურობის მომწყობს, უფლებას აძლევს შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, რამაც, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა ტურისტი გაათავისუფლოს მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

როგორ შეიძლება დადასტურდეს ფორს-მაჟორის არსებობა?

ფორს-მაჟორის დასადასტურებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მაგ: სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ცნობები თუ აქტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, მედია ნიუსები და სხვა სახის მტკიცებულებები.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიძლება გაიცეს ცნობა, რომლითაც დადასტურდება ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა კონკრეტული ხელშეკრულების ჭრილში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს მხოლოდ ფორს-მაჟორის არსებობას და არ წყვეტს მხარის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს, რაც დავის შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანია. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.gcci.ge.

რა მოქმედებების განხორციელებაა რეკომენდებული სახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებით

1. იმ ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების იდენტიფიცირება, რომელთა ჩვეულებრივი შესრულება ვერ მოხდება COVID -19-ის მიზეზით.
2. სახელშეკრულებო მუხლების ანალიზი, რომელიც მიუთითებს ფორს-მაჟორსა და რისკების გადანაწილებაზე;
3. დოკუმენტების შეკრება ფორს-მაჟორული გარემოებების დასადასტურებლად;
4. ხელშეკრულების მეორე მხარის შეტყობინება ფორს-მაჟორულ გარემოებაზე. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ხელშეკრულებით განსაზღვრული იყოს მკაცრი ვადები ასეთი შეტყობინებისთვის;
5. სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე მოლაპარაკებების წარმოება მეორე მხარესთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო დავა;
6. მონაცემების/მტკიცებულებების/დოკუმენტების შენახვა, რათა მზად იყოთ პოტენციური დავისთვის;
7. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების ალტერნატიული გზების მოფიქრება და ფორს-მაჟორიდან გამომდინარე მოსალოდნელი ზიანის შემცირება.