მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიქმნება ფონდი, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხები აკუმულირდება“ - ნინო თანდილაშვილი

60194010d6923
ნუცა ბაზლიძე
06.02.21 16:50
940
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებული ხდება, დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და თვითმონიტორინგის სისტემები დანერგოს. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. 

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ფონდის შექმნა, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხა შეგროვდება. 

"ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები მაღალია, ვთქვათ, 20 000 ლარი. ეს კი განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება, გასამმაგდება", - დასძინა მან.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რესურსი ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას მოხმარდება. 

„მტკიცდება ასეთი წესი, რომ შეიქმნება კონკრეტული ფონდი, სადაც გარემოსთვის ზიანის მიყენების ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი თანხები მიემართება, რომლის განკარგვის პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართული იქნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, - აღნიშნავს ის. 

ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები - დადგინდეს, რომელ მუნიციპალიტეტს სჭირდება ეს მეტად და კონკრეტულად რას შეიძლება მოხმარდეს აღნიშნული თანხა. 

„ეს არის რეგიონში პირველი პრეცედენტი, ევროპის ქვეყნებში კი ასეთი ფონდები ძალიან დიდი ხანია ფუნქციონირებს და ამან გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრი ხელშესახები შედეგიც მოიტანა. ვფიქრობ, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება“, - დასძენს მინისტრის მოადგილე.