მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნება თუ არა მედიკამენტების დეფიციტი საქართველოში? - ირაკლი მარგველაშვილის განმარტება

643eca6144f3b
ალა ისპირიანი
18.04.23 20:54
715
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. ასოციაციის ინფორმაციით, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. თუმცა მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.

"მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე," - წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რასაც შესაძლოა ეს პროცესი გამოეწვია. მან ასევე განმარტა, აღნიშნული ფაქტი შექმნის თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე დეფიციტს.

„მედიკამენტები, რომელიც თურქეთიდან საქართველოში ე.წ გამარტივებული წესით შემოდის, თურქული ბაზრისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად გარკვეული მედიკამენტების სიჭარბის შემთხვევაში საშუალება გვაქვს ისინი საქართველოში წამოვიღოთ, რადგან იქ მედიკამენტებზე დაბალი ფასია.

რაც შეეხება მდგომარეობის ცვლილებას, საუბარია დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე თურქეთის მთავრობის მიერ, რომ მედიკამენტებზე ფასმა მოიმატა, - პერიოდულად თურქეთის მთავრობა მედიკამენტებზე ფასების გადახედვას აკეთებს. ასევე იანვარში გარკვეული შეზღუდვები შეიქმნა რაოდენობრივად იმ მედიკამენტების ექსპორტზე თურქეთიდან სხვა ქვეყნებში, რომლებიც თურქეთში თავად იქნა იმპორტირებული - ეს კონკრეტულად რა მიზეზით მოხდა ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის რეგულატორთან არის დაკავშირებული.

ეს შეზღუდვები მედიკამენტების ექსპორტს საქართველოში შედარებით გაართულებს, მაგრამ მთლიანად მედიკამენტების დეფიციტს არ შექმნის. მედიკამენტების შემოტანის გართულება იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ის რაოდენობა არ იყოს, რომელიც აქამდე მოდიოდა“, - განაცხადა მან.

bm.ge აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ელოდება გამოხმაურებას.