მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებს, მიღებული შემოსავლის ნაწილს კი უკრაინელებისთვის გადარიცხავს

62247de01d48c
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.22 13:39
782
ბრიტანულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Shell-მა რუსული ნავთობი ისევ შეიძინა და ეს ნაბიჯი საწარმოო მოცულობების დატვირთვით ახსნა. კომპანია მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ერთ ღამეში რუსულ ნავთობზე უარის თქმა ვერ მოხდება, თუმცა პირობას დებს, რომ რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მიმართავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადებაშია საუბარი.

„გუშინ ჩვენ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შესახებ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ბენზინს და დიზელის საწვავს, ასევე სხვა პროდუქტებს აწარმოებენ, რომელიც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში უწყვეტი მიწოდების არარსებობის შემთხვევაში, ენერგეტიკის დარგი უახლოეს კვირებში მთელ ევროპაში საჭირო საქონლის სტაბილურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ალტერნატიული წყაროები კი საჭირო სისწრაფით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფენ.

ნავთობმწარმოებელ კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით შეშფოთებულები არიან და „გაზპრომის“ კომპანიების სააქციონერო პარტნიორობიდან გასვლას აპირებენ. ასევე ისინი რუსული ნავთობის შესყიდვას შეამცირებენ, როდესაც ალტერნატიული ნავთობი ხელმისაწვდომი იქნება, რაც ძალიან რთული საკითხია და დროს საჭიროებს.

კომპანიაში პირობას დებენ, რომ რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, მიმართული იქნება სპეციალურ ფონდში, საიდანაც უკრაინელი ხალხის დახმარებას მოხმარდება.

უკრაინული გამოცემა Ukrinform-ი წერს, რომ Shell-ის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადება უსწრებდა წინ: „ერთი კითხვა მაქვს Shell-თან - რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის თქვენთვის?“. მანამდე კი „უკრაინის ნაფტოგაზმა“ ნავთობკომპანიების „დიდ ოთხეულს“ -Schlumberger, Weatherford, Halliburton, Baker Hughes, ასევე ტექნოლოგიურ კომპანიებს რუსული გაზისმწარმოებელი პროექტებიდან გამოსვლის მოთხოვნით მიმართა.