მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდება თუ არა საქართველოს ეკონომიკა 4%-ზე მეტად?

5f0c6c70d4768
ეგნატე შამუგია
14.07.20 09:45
4152
ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის ყველა ქვეყანა და მათი მოსახლეობა განსხვავებულ ფასს იხდის. მიმდინარე წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის 4.9%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც “დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიაა. 2020 წლისთვის განვითარებული ეკონომიკების 8.0%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო განვითარებადის კი - 3.0%-იანი. საქართველოშიც რთული ეკონომიკური მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებთან შედარებით უფრო მძიმეც, რაც სასაქონლო ვაჭრობისა და ტურიზმის ერთობლივ შოკს უკავშირდება. ვინაიდან საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, საგარეო ფაქტორების გავლენა მაღალია. მიმდინარე წელს, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ერთ მხრივ, პანდემიის გამო შემცირებულმა ადგილობრივმა მოხმარება და მეორე მხრივ, ნავთობის ფასებისა და მასზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო (არამხოლოდ, ნავთობი) უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიდან საგარეო მოთხოვნის თითქმის 1/3-ით შემცირებამ, თვალსაჩინო ასახვა ჰპოვა. ეს უკანასკნელი კი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკაში ნავთობის ინდუსტრიის წილს უკავშირდება. თუმცა, ეკონომიკის კლებაში განსაკუთრებული წვლილი ფაქტობრივად გაჩერებულ ტურიზმს გააჩნია, რაც ეკონომიკის წამყვან სექტორებში მოთხოვნის არსებითი კლებით ვლინდება.

ამ ფონზე საქართველოს საბიუჯეტო პარამეტრები ეკონომიკის 4.0%-იანი კლების პროგნოზის მიხედვითაა დაგეგმილი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის ვარაუდს ემთხვევა. კიდევ ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - მსოფლიო ბანკის ივნისი თვის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. მიუხედავად, ადრეული პერიოდის მეტნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზისა, 2020 წლის ხუთი თვის წინასწარი მონაცემებით ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აპრილ-მაისში გამოვლინდა, როცა კლების მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულზე იყო. არსებული ტენდენციით და აგვისტოდან რიგი შეზღუდვების (საერთაშორისო ფრენები და სხვა) მოხსნის გათვალისწინებით, ეკონომიკის გაცილებით მეტად შემცირებაა მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 7.0%-ის ფარგლებში იქნება. თავის მხრივ, 2020 წლის დასაწყისში კი ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. ამდენად, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით მოსალოდნელ მდგომარეობასა და პანდემიამდე არსებულ პროგნოზს შორის სხვაობა 11.5 პ.პ. -ია, რაც თავისთავად მოსახლეობის შემოსავლებზეც აისახება. შესაბამისად, საინტერესოა პანდემიამდე და მას შემდეგ, ზემოთ ხსენებული სამივე პროგნოზის პირობებში ერთ სულ მოსახლეზე განაწილებულ რეალური მშპ-ს შედარება, რაც განვითარებული მოვლენების შედეგად, საშუალოდ ერთი მოსახლის დოვლათის ოდენობის მოსალოდნელი დანაკარგის ასახავს.



სავალუტო ფონდისა და მთავრობის 4.0%-იანი პროგნოზის პირობებში, მიმდინარე წელს ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული რეალური ეკონომიკა 4.2%-ით, 10 406 ლარამდე შემცირდება. ეს კი, პანდემიამდე არსებულ პროგნოზთან შედარებით, 921 ლარის ოდენობით, 8.1%-იან კლებას ნიშნავს. ეკონომიკის აღნიშნული მაჩვენებლით შემცირების პირობებში, ერთ სულზე განაწილებული მშპ, პანდემიამდე მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, ხუთწლიან პერიოდში, საშუალოდ 1 016 ლარით, დაახლოებით 8.0%-ით ნაკლები იქნება. ხოლო, გასული წელის მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წელს გაუსწრებს.



მსოფლიო ბანკის შედარებით გვიანდელი, ივნისის პროგნოზით, უფრო მეტად გაუარესებული მდგომარეობაა მოსალოდნელი. კერძოდ, 2020 წლისთვის ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებაა ნავარაუდევი. ხოლო, მომდევნო წლისთვის კი 4.0%-იანი ზრდა, რაც მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელზე 1.0 პ.პ.-ით ნაკლებია. ამდენად, ეკონომიკის 4.8%-იანი კლების პირობებში, ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკის 5.0%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით 8.9%-ით ნაკლებია. ამ შემთხვევაშიც, ერთ სულზე მშპ-ს ოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წელს გადააჭარბებს, ხოლო ხუთწლიან პერიოდში, მანამდე არსებულ პროგნოზთან შედარებით 1 112 ლარი, დაახლოებით 9.0%-ით ნაკლები იქნება.

თუმცა, ზემოთ ხსენებული პროგნოზები შედარებით ადრეული პერიოდისა და გაურკვევლობის შემცირების პირობებშია გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ პროგნოზები მიმდინარე ეტაპისთვის შემცირებულ შოკების დაშვებებს ეფუძნება, მაგრამ ამ ტიპის უარყოფითი ფაქტორები კვლავ მაღალ ნიშნულებზეა, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნი ან შერბილების გადავადებას და შედეგად, ფაქტობრივად, ტურისტული სეზონის საერთაშორისო ვიზიტორის გარეშე გატარებას უკავშირდება. გარდა ტურიზმისა, ადგილობრივი მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის ეკონომიკის რიგ სექტორებში ეკონომიკური აგენტებისთვის შეზღუდვები კვლავ მოქმედებს (რესტორნები, სასტუმროები, სპორტული დარბაზები და ა.შ.), რაც მწარმოებლის გაზრდილ დანახარჯებში და მიწოდების შოკში აისახება. ამდენად, 2020 წლისთვის ეკონომიკის არა 4.0% ან 4.8% -ით კლება, არამედ უფრო მეტია მოსალოდნელი. ამ დროისთვის არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლების მაჩვენებელი 7.0%-ს ფარგლებში იქნება.



მიმდინარე წელს თუ საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით შემცირება, ამავე პერიოდში, ერთ სულზე განაწილებული მშპ-ს ოდენობა 1 245 ლარით, 7.1%-ით შემცირდება. აღნიშნული კი, წლის დასაწყისში არსებულ მოლოდინთან შედარებით 11.0%-ით ნაკლებია. ასეთ პირობებში ეს მაჩვენებელი წინა წელს არსებულს, მსგავსად ზემოთ ნახსენები შემთხვევებისა, 2022 წელს დაუბრუნდება და 2.5%-ით გადააჭარბებს. ხოლო, მომდევნო ხუთწლიან პერიოდში კი, პანდემიამდე არსებულ ზრდის პროგნოზთან შედარებით, საშუალოდ 10.9% -ით, 1 368 ლარით ნაკლები იქნება.

ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის, სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ადრეული პერიოდის პროგნოზები დღეს მეტად ოპტიმისტურად გამოიყურება, რადგან ეკონომიკაზე არსებული უარყოფითი ფაქტორების მოქმედება გახანგრძლივდა. მაგალითად, მთავრობის მიერ საერთაშორისო ფრენების გახსნის გადავადება, სამეზობლოში არსებული ეპიდსიტუაცია და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ნავთობზე მოთხოვნა და სხვა. თუმცა, ოპტიმისტური მოლოდინის პირობებშიც კი, მომდევნო ხუთწლიან პერიოდში, ერთი მოსახლის დანაკარგი საშუალოდ 8.5% იქნება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში ერთ ადამიანზე საშუალოდ 1 064 ლარის ოდენობის დოვლათია. მეტად რეალური კი ეკონომიკის დაახლოებით 7.0%-იანი კლებაა, რაც ხუთწლიან პერიოდში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 11.0%-ით, 1 368 ლარით ნაკლებ დოვლათს ნიშნავს. აღნიშნული მაჩვენებელი კი გასული წლის ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით პესიმისტური სცენარის პირობებში ეკონომიკის კლების ორნიშნა რიცხვიც კი მოსალოდნელია, რაც უმეტესად, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვების III კვარტლამდე გახანგრძლივებისა და სავაჭრო პარტნიორებში არსებული მდგომარეობის შენარჩუნება ან გაუარესებასთან ასოცირდება.