მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემცირების ტრენდი საყურადღებოა“ - ლევან სურგულაძე ინფლაციის დინამიკასა და სუბსიდიის გავლენაზე

5ffae08cc31cc
თელარა გელანტია
11.01.21 10:10
1827
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ წლიურ ინფლაციაზე -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის“ ჯგუფში ფასების 21.7%-იანი კლება, რაც თავის მხრივ, განპირობებულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით, რომელიც ზამთარშიც გრძელდება.

ინფლაციის განსხვავებული წესით დათვლამ პროფესიულ წრეებში არაერთი კითხვა გააჩინა, ამიტომ საქსტატმა აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითი განცხადებაც გაავრცელა და კრიტიკას არაკვალიფიციური და უსაფუძვლო უწოდა. “ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის "მექანიკური" დაკლება არასწორია” - აცხადებს bm.ge-სთან საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე, რომლის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:


„სუბსიდირების ორი ეფექტი: ერთი „ფორმალური” - სუბსიდირების შედეგად, ფაქტობრივად, გადახდილი ფასის შემცირება - გარკვეული აზრით, „ეგზოგენური” (ეკონომიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი) ფაქტორიდან გამოწვეული, რომელიც თავისი არსით არის დროებითი და სუბსიდირების შეწყვეტის მომენტიდანვე გვექნება მყისიერი "ნახტომი" CPI (Consumer Price Index)-ის მნიშვნელობაში და შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელში. ეს ფაქტორი ინფლაციის მაჩვენებლის მყისიერ შემცირებას განაპირობებს, იმ მომენტიდან როგორც კი სახელმწიფო სუბსიდირება შევა ძალაში და ინფლაცია გაიზრდება იმდენითვე, როგორც კი სუბსიდირება შეწყდება. ამასთან, სუბსიდირება არ ცვლის პროდუქტის ან/და მომსახურების ფასს. უბრალოდ, ამ ფასს ან მის ნაწილს იხდის ვიღაც სხვა - ამ შემთხვევაში, სახელმწიფო. შესაბამისად, CPI-ზე და, აქედან გამომომდინარე, ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის "მექანიკური" დაკლება არასწორიც არის და კონტრ-ინტუიტიურიც. ამ ცვლილების გათვალისწინებას საშუალოო და გრძელვადიან პერსპექტივაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის რაიმე მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გამოყენებისთვის.

სუბსიდირების მეორე ეფექტი "ნაკლებად ეგზოგენურია" - იმის გათვალიწინებით, რომ კომუნალურ მომსახურებასა და პროდუქტზე მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ, სავარაუდოდ, ძალიან დაბალია. ანუ, მოხმარება მნიშვნელოვნად არ გაიზრდება "შემცირებული (სუბსიდირებული) ფასის" გამო. შედეგად, მომხმარებლებს გაეზრდებათ განკარგვადი შემოსავლები, რომლებიც თავის მხრივ, „მოთხოვნით გამოწვეულ“ ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის წნეხს წარმოშობს. ამ ეფექტის განცალკევებული რაოდენობრივი შეფასება შესაძლებელია, თუმცა არ არის მარტივი და არც გაკეთებულა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ეფექტია გასათვალისწინებელი და არა სუბსიდიის თანხის "მექანიკური" გამოკლება CPI - დან და შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებლიდან. მართლაც, სუბსიდირება ბაზარზე ფულის მიწოდებას ზრდის, რამეთუ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სუბსიდიაზე ხარჯვა, ყველა სხვა ტიპის ხარჯვის ანალოგიურია და ლოგიკურია, რომ მისი შედეგი ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის წნეხს ანვითარებდეს. შესაბამისად, რეალური ინფლაციის მაჩვენებელი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, არის 4.34%, რომელშიც ბუნებრივად უკვე უნდა იყოს ასახული ზემოაღნიშნული მეორე (ინფლაციის ზრდის) ეფექტი.

რაც შეეხება ინფლაციის შემცირების ტრენდს - ეს საყურადღებოა.




გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, ინფლაცია შედარებით მაღალი იყო, ხოლო პანდემიით გამოწვეული ძლიერი რეცესიის პერიოდში ინფლაციის შემცირების მკვეთრ ტრენდს ვხედავთ.

როგორც ცნობილია, ზომიერი ინფლაცია ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა 3-5% ინფლაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად ზრდას და უნდა იყოს მინიმუმ იმდენი ან ოდნავ მეტი, რასაც კომერციული ბანკები ანაბრებზე იხდიან.

მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერზე მაღალი მაჩვენებელი აზიანებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ხოლო დაბალმა მაჩვენებელმა ან დეფლაციურმა გარემომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციამდე და დეპრესიამდეც კი შეიძლება მიიყვანოს, სადამდეც განგრძობადი ეკონომიკური რეცესიიდან სულ "ერთი-ორი ნაბიჯია".

დეფლაციურ ეკონომიკურ გარემოში ფასები მცირდება, მათ შორის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის და, შესაბამისად, მოთხოვნის შემცირების გამო. პროდუქციის და მომსახურების მომწოდებელი ამცირებს ფასებს, მოთხოვნის სტიმულირების მიზნით. როდესაც ფასები მიაღწევს საქონლის და მომსახურების თვითღირებულებას, ამის შემდგომ იწყება მოწოდების, მათ შორის იმპორტის შემცირება, წარმოების შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ, იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კიდევ უფრო შემცირებას. ასეთ ეკონომიკურ "სპირალზე დაშვება", თუ არ იქნება მიღებული სრწაფი და ქმედითი ზომები (ბაზარზე იაფი ფულადი რესურსის მიწოდება, ნიშნული განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება, ბიუჯეტური ხარჯვის ზრდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა მასტიმულირებელი ზომები) - ქვეყნის ეკონომიკა შევა სტაგნაციაში (მშპ-ს განგრძობადი ნულოვანი ზრდა) რაც შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ დეპრესიაში, როდესაც გვაქვს განგრძობადი (3 ან მეტი წელი) ეკონომიკური რეცესია ან/და მთლიანი შიდა პროდუქტის 10% ან მეტით შემცირება.

პანდემიით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები არ იძლევა არსებითი ოპტიმიზმის საფუძველს და ზემოაღნიშნული ქმედითი ზომების მიღება, ვფიქრობთ, დროული უნდა იყოს“, - აცხადებს ლევნ სურგულაძე.