მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავალი VS უსაფრთხოება - რას შეცვლის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესება?

632d88e75b13e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.22 09:00
1023
„გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში, რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის ზრდა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ტურისტების. ამ თემაზე მან BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციიდან გამომდინარე ტურიზმში მომდევნო პერიოდის შეფასება ძნელია. ამ ყველაფერს თუ ლოგიკურად შევხედავთ, რუსეთიდან მიგრანტების ტალღას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე ტურისტებისას, რადგან ამ მოცემულობაში ტურისტების ნაკადები ცოტა რთულად წარმომიდგენია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე - რას შეცვლიდა ტურისტული და შემოსავლების კუთხით რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების დაწესება, კახა სამყურაშვილმა უპასუხა, რომ ეს შემოსავლებს შეამცირებდა, თუმცა ანალიტიკოსმა ამ მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების უპირატესობაზე გააკეთა აქცენტი.

„ვფიქრობ, ვიზების დაწესება ტურისტულ ნაკადსა და შემოსავლებს შეამცირებს, რადგან გარკვეული ბარიერი იქნება, თუმცა უსაფრთხოებასა და შემოსავლებს შორის უფრო წონადი - უსაფრთხოებაა.

ვფიქრობ, ამ ბიუროკრატიული ბარიერის მიუხედავად, რუსი ტურისტის გარკვეული სეგმენტისთვის საქართველო შეიძლება უალტერნატივო მიმართულება იყოს და მოკლევადიანი ვიზების დაწესების მიუხედავად, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან დიდი არჩევანი რუს ტურისტებს არ აქვთ, რადგან დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ფრენები მათ აღარ აქვთ და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, მათთვის სავიზო რეჟიმია ამოქმედებული “, - განაცხადა სამყურაშვილმა.

„გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი განმარტავს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებს მიგრანტებსაც ვერ ვუწოდებთ, თუმცა ისინი კლასიკური ტურისტებისგანაც განსხვავდებიან.

„ისინი კლასიკური ტურისტები არ არიან, რადგან ცხოვრობენ როგორც ბათუმის და თბილისის საშუალო კლასი, თუმცა ჩვენზე მეტს ხარჯავენ რესტორნებისა და კაფეების ნაწილში. ამავე დროს ისინი ტურისტები არ არიან, რადგან ბინებს არა 10 დღით, არამედ უფრო გრძელვადიანად ქირაობენ“, - აღნიშნა მან.