მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებლის მიერ „საქმის კურსში“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

60770d182e2e4
თამუნა ქემერტელიძე
14.04.21 19:37
940
ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ ანგარიშები დაყადაღებულია. ინფორმაცია „საქმის კურსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ მიაწოდა. 13 აპრილის გადაცემაში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ კომპანიის ანგარიშებს ყადაღა პანდემიის დაწყების დროს დაადეს და მიუხედავად რამდენიმე მიმართვისა, დავალიანება სრულად არ ჩამოაწერეს. მისივე თქმით, ამჟამად დავალიანება, დაახლოებით, 500 ლარამდეა, დანარჩენ თანხას კი სახელმწიფოს შეღავათები შეეხო, მაგრამ ტუროპერატორი ამბობს, რომ საბიუჯეტო დავალიანებას არ გადაიხდის, რადგან ეს „პრინციპის საკითხია“. „წლების განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, დოვლათს და ვასაქმებდით ხალხს, გადასახადებს პატიოსნად ვიხდიდით, ხოლო როცა გაგვიჭირდა, არანაირი დახმარება არ მიგვიღია სახელმწიფოსგან, ის მაინც გაეკეთებინათ, რომ გვერდში დაგვდგომოდნენ და დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერათ“, - აცხადებს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.

13 აპრილის „საქმის კურსში“ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება მოჰყვა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ტრაფიკ თრეველთან“ მხრიდან, დღემდე არც ერთი ვალდებულება და შეთანხმება არ შესრულებულა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თქვენი ტელეკომპანიისთვის (გადაცემა - "საქმის კურსი“) შპს ,,ტრაფიკ თრეველის“ დამფუძნებლის მიერ მიცემულ ინტერვიუს.

შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს, რომ აღნიშნული გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, უწყების მიერ მოხდა კომპანიისთვის, როგორც დავალიანების გადავადება, ასევე გადავადებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 1 321 ლარის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ტრაფიკ თრეველთან“ გაფორმდა არაერთი გადახდის გრაფიკი, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან, დღემდე არც ერთი ვალდებულება და შეთანხმება არ შესრულებულა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,ტრაფიკ თრეველის“ დამფუძნებელთან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა, ამ ეტაპზე, 423 ლარის ოდენობის არსებულ დავალიანებაზე, მას არ წარმოუდგენია მისთვის მისაღები გადახდის გრაფიკი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.