15.სექტემბერი .2019 13:06

შენობებს, თუ ქალაქს ამახინჯებენ, რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს: კანონპროექტი ჯარიმებს ადგენს

views 1020
უკან

იმ პირებს, რომელთა მფლობელობაში არსებული შენობა–ნაგებობები ქალაქის, თუ დაბის იერსახეს ამახინჯებენ, რეკონსტრუქციის, აღდგენის, ან დემოტაჟის ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

ამ ვალდებულებას "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა ხვალ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების მოცულობა 200-დან 5000 ლარამდეა. კერძოდ, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიცემულ მითითებას, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე 5000 ლარით დაჯარიმდება, თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500 ლარით, ხოლო დაბასა და სოფელში – 200 ლარით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება, რათა საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება მისცეს მესაკუთრეს მითითება, რომლითაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამ რეგულაციის მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, ქალაქების, თუ დასახლებების იერსახის გამოსწორებასთან ერთად, ინვესტორების დაინტერესება წარმოადგენს, რადგან არის ისეთი შენობები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ და მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებენ.

კანონპროექტის ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა