მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შესაძლო იყო შედარებით ნაკლები ვალი აგვეღო” - ეკონომისტი ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე

5eea5f0f2347d
ნინი ლონგურაშვილი
17.06.20 23:00
920
სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ საქართველოს მოსახლეობა, ბანკების სუბსიდირებისთვის არ უნდა იღებდეს 600 მილიონის დამატებით ვალს, – ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს.

„ამ ვალს იღებენ, იმიტომ რომ ბანკებში დადონ ისევ დეპოზიტებზე და ამას აქვს მაკროეკონომიკური მიზანი, რომ ბანკებს ე.წ. გრძელი ლიკვიდობა მიაწოდო. ზოგადად, ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდება – გრძელვადიანი და მოკლევადიანი არის ცალსახად ეროვნული ბანკის საქმე, კარგად აკეთებს ამას და შეეძლო, თუ საჭირო იყო უფრო მეტი ლიკვიდობა მიეცა ბანკებისთვის”, – აღნიშნა ბესო ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალი ბიუჯეტის პროექტში ითხოვს, ჩაშლილად იყოს წარმოდგენილი, რამდენის დახარჯვას აპირებს მთავრობა მიმდინარე წელს.

“ერთი ისაა, რომ მთავრობამ მოქმედ ბიუჯეტში, დაახლოებით 550 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა, მაგრამ ეს დანაზოგები რეალურად გაკეთდა იმ პროექტებიდან, რომლებიც ბუნებრივად შეჩერდა. ეს იყო ინფრასტრუქტურის, კულტურის და სპორტის პროექტები, რომლებიც მაინც ვერ ხორციელდებოდა, როცა ეკონომიკა შეჩერებული იყო. ყველაზე მსხვილი თანხები ამაში დაიზოგა და ეს განგებ მცდელობით დაზოგილი თანხები იყო, ეს მინიმალურია, დაახლოებით 20-30 მილიონამდე. აქედან გამომდინარე, იყო წინა ბიუჯეტში უფრო დიდი პოტენციალი თანხების დაზოგვის, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, ახალ ბიუჯეტის პროექტში ჩაშლილად იყოს წარმოდგენილი რამდენის დახარჯვას აპირებენ მიმდინარე წელს. ჯამში მივლინებებზე, სტუმრების გამასპინძლებაზე, შტატგარეშეების დაქირავებაზე, ავეჯის, ტექნიკის, საწვავის და სხვა ინვენტარის შესყიდვაზე. ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც აუცილებლად უნდა შემცირებულიყო“, – აღნიშნა ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, როდესაც 3 მილიარდი ლარია ადმინისტრაციული ხარჯი, იქ იყო შემცირების პოტენციალი, – “ამბობენ, პრემიებს აღარ დავარიგებთო, ეს პრემიები გასულ წელს 9 თვის მონაცემებით, 6 მილიონი ლარი იყო. პრემიების ნაცვლად არის დანამატები, რომლებიც შარშან იყო 160 მილიონი, ამიტომ უნდა მოეკლოთ დანამატებისთვის, თუ უნდოდათ, რომ რეალური ეკონომია გაეკეთებინათ“.

ინფორმაციისთვის, COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.