მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია

603f5d73b5be8
ინგა მურუსიძე
03.03.21 13:56
10696
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში 1001 პირის მიერ ხელმოწერილი პეტიცია წარადგინა, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მოთხოვნას ეხება. პეტიცია ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა და შემდგომ განსახილველად ჯანდაცვის კომიტეტს გადაეცა.

„საქართველოში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.

სამომხმარებლო პროდუქციისგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდორკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და ა.შ.

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში. საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთო პროდუქციის შემოწმების შედეგები განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge. მართალია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს.

ამგვარად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა.

საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის.

მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიცია ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ურუშაძის სახელით დარეგისტრირდა.