მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა, ინფიცირების მატება ისევ იყოს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას”

5f72ffdc4412a
BM.GE
29.09.20 13:35
860
„მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს“, - ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე დგას. მისი თქმით, არასახარბიელო მდგომარეობაა სამეზობლოშიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდება.

„დღეს მსოფლიო დგას ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე - ეს არის საერთო პრობლემა რომელიც ეხება ყველა ქვეყანას, ყველა ეთნიკურ წარმომავლობას, ყველა პოლიტიკური მრწამსის პირებს. ის აზიანებს, პრაქტიკულად,ყველას თანაბრად, კოვიდი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. დაახლოებით, 218 ქვეყანაა მსოფლიოში ინფიცირებული, სადაც ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება, შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნის ეკონომიკები და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკა. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა დასავლეთ ევროპაშიც, სადაც დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე მატებაშია ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში, განსაკუთრებით, გამოირჩევა აჭარა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება. საკოორდინაციო საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რიტმზე დაბრუნებას ცდილობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებს სახელმწიფო მკაცრ ზომებს ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობა იყო შემოღებული. მისი განმარტებით, დღეს საქართველო ბევრად უკეთ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ვფიქრობ რომ ეს სწორია და ასე იქცევა მთელი მსოფლიო. მიზეზი ის არის, რომ როდესაც საწყის ეტაპზე, ქვეყნები ამისთვის არ იყვნენ მზად, იყო უარესის მოლოდინი. უარესის მოლოდინი იყო საქართველოშიც, როდესაც ვუყურებდით, რა ხდებოდა ევროპაში - ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, როცა სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იყო 7% და ზოგიერთ ქვეყანაში ის აღწევდა 13-15%. მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო დღეს არის უკეთ მზად, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს. დღეს აღარ არსებობს დეფიციტი იმ აუცილებელი საჭიროებების, რა დეფიციტიც მანამდე შეინიშნებოდა, მაგალითად, ნიღბები, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები იყო დეფიციტში, დღეს ეს დეფიციტი აღარ არსებობს და ასევე კლინიკებსაც აქვთ უფრო მეტი გამოცდილება, თუ როგორ მართონ მძიმე პაციენტი. სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.