22.თებერვალი .2020 20:00

შესაძლოა, Madamwine ექსპორტზე შევიცარიასა და ინგლისშიც გავიდეს

შესაძლოა, Madamwine ექსპორტზე შევიცარიასა და ინგლისშიც გავიდეს
views 680
უკან

„Madamwine მომხმარებლებს საქართველოში წარმოებულ ევროპული წესით დამზადებულ ღვინოს სთავაზობს, რომელიც სპეციალურად სხვადასხვა გემოვნების ქალებისთვისაა შექმნილი. ამის შესახებ BM.GE-ის „Madamwine”-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა.

კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მან შეისწავლა სეგმენტი და ღვინო განწყობის და გემოვნების მიხედვით დაახარისხა. ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ პროდუქციაში შეხვდებით ღვინოებს სახელწოდებით: „სადიასახლისო“, „სახალისო“, შეყვარებული ქალებისთვის კი, Madamwine-ის დამფუძნებელი რეკომენდაციას ნახევრადტკბილ ღვინოს უწევს.

როგორც გავარკვიეთ, საკმაოდ დიდი დროა გასული, რაც მანანა ახვლედიანი ღვინის ინდუსტრიაში საქმიანობს, უშუალოდ კომპანია კი, 2010 წელს დააარსა. რაც შეეხება ბაზარზე გამოჩენის ეტაპს, Madamwine-ის ფარგლებში, მისმა დამფუძნებელმა პირველი პროდუქცია 2016 წელს ჩამოასხა და ღვინო მალევე ექსპორტზეც გაიტანა.

ამასთან, როგორც მანანა ახვლედიანისგან შევიტყვეთ, ამ ეტაპზე, ღვინო ექსპორტზე ესტონეთში, ფინეთსა და აზერბაიჯანში ხვდება; ასევე მოიაზრება მისი პოლონეთშიც გატანა. ამასთან, Madamwine-ის დამფუძნებლის თქმით,  ექსპორტს შვეიცარიასა და ინგლისშიც გეგმავენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქვეყნის მასშტაბით, Madamwine-ის ღვინო მხოლოდ ბარებსა და რესტორნებში იყიდება.

Madamwine-ის დამფუძნებელი წარმოების დაწყებას სარისკო ნაბიჯად აფასებს, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ღვინო თელავის ერთ-ერთ ქარხანაში იწარმოება. პროცესში 5 ქალია ჩართული.

ცნობისთვის: საქმიანობის დასაწყებად მანანა ახვლედიანმა ინვესტიცია პირადი სახსრებით განახორციელა. მისივე განმარტებით, 2019 წელს Madamwine-ის ფარგლებში, დაახლოებით, 8 000 ბოთლი ღვინო ჩამოასხეს.