09.დეკემბერი .2022 17:44

შესაძლოა, მძღოლებმა საქალაქთაშორისო გადაყვანები რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეასრულონ

შესაძლოა, მძღოლებმა საქალაქთაშორისო გადაყვანები რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეასრულონ
views 8485
უკან

საქართველოში ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგება 2023 წლიდან დაიწყება. ეს პირობა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ ამჯერად ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოში მდებარე ავტოსადგურები თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმყოფილებენ და მათ ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები, რისი დაკმაყოფილებაც ავტოსადგურებს და მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს მოუწევთ, თუმცა როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, პირველ რიგში ეს კანონი ბაზარზე მგზავრთა რეგულირების გარეშე გადაყვანას დაარეგულირებს.

მძღოლები ავტოსადგურებთან კომუნიკაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ მგზავრების თვითნებურ გადაყვანას, რაც ბაზარზე არსებულ რისკებს შეამცირებს და მძღოლებს შორის არასამართლიან კონკურენციას ერთ ჩარჩოში მოაქცევს.

“ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რომ არარეგისტრირებულმა მძღოლებმა ითანამშრომლონ ავტოსადგურებთან. დღეს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მძღოლები არასამართლიან პირობებში არიან.

ერთი ნაწილი იხდის გადასახადს, წესებს იცავს, ხოლო მეორე მხარე აბსოლუტურად კანონგარეშე, წესების დარღვევით მოქმედებს. ეს არასწორი და უსამართლოა, ასევე უსაფრთხოების რისკებს ზრდის მგზავრთა გადაყვანის დროს. ეს უნდა აღმოიფხვრას, ეს კანონი კი გვაძლევს ამის საშუალებას”, - აცხადებს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ავტოსადგურების სფეროს რეგულირებას ახლო წარსულში ლევან დავითაშვილის წინამორბედი ნათია თურნავაც გეგმავდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არც მაშინ მისულა. საკითხზე მსჯელობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა კოკრეტული მიზეზების გამო ცვლილებები ძალაში ამ დრომდე არ შესულა.