მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, მისო-ები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთონ - MBC

5ec53e0a10c57
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 18:49
1235
ეკონომიკის სამინისტრო მისო-ების საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის პროექტს განიხილავს, - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მისო-ები სახელმწიფო სქემის მხოლოდ 1.5%-ის ათვისებას შეძლებენ, ვინაიდან მათ სესხების გაცემა ლიმიტირებული აქვთ.

„ეკონომიკის სამინისტრომ შესთავაზა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და განიხილავს პროექტს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში იყვნენ ჩართულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც. ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია, ადრე მხოლოდ ბანკები იყვნენ ამ პროექტის ბენეფიციარები  და ახლა განიხილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვა, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ ბიძგს მისცემს ამ პრობლემის (გულისხმობს კომპანიების ლიკვიდურობის პრობლემას) გადაწყვეტას.

სახელმწიფო უდგება გარანტორად მსესხებელს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, რომ სესხის მოცულობა არის 20 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე, თქვენ კი იცით, რომ მიკროსაფინანსოებს მაქსიმალური სესხის თანხა, რაც შეუძლიათ, რომ გასცენ არის 100 000 ლარი, ამიტომ ფაქტობრივად, იმ დიაპაზონის მხოლოდ 1.5% არის, რომელიც შეიძლება მისო-ებმა აითვისონ. ეს არის ძალიან მცირე ფანჯარა იმ სასესხო დიაპაზონში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სპეციფიკას და რეალურად, მოვახერხოთ ამ პროექტით სარგებლობა.

დიაპაზონის გაზრდა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ეს კანონმდებლობით არის რეგულირებული. ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ ვიმოქმედოთ 20 000 – 100 000 ლარამდე დიაპაზონში, მაგრამ მიკროსაფინანსო სექტორს აქვს თავისი სპეციფიკა განსხვავებით საბანკო სექტორისგან. ზუსტად ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ეს საკითხები იქნება მეტ-ნაკლებად დარეგულირებული და პროექტი საბოლოოდ ისეთ სახეს მიიღებს რომ რეალურად მიკროსაფინანსო სექტორისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული შეღავათი“, - განმარტა „ემ ბი სის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მის ფარგლებში 2 მილიარდი ლარის სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი.