მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს

6087cd6703a8e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 19:41
741
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დასაწესებლად სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება დაიწყო.

გამოცემაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ბაზრის მონაწილეების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ხელისუფლება ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების ასამოქმედებლად ფორმალურ მომზადებას იწყებს. ბაზრის მოთამაშეები დარწმუნებულები არ არიან, რომ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებით მისი ღირებულება გაკონტროლდება.

მთავრობა ბენზინს იმ პროდუქტების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლის ექსპორტი დროებით შეიზღუდება. ეს ხელისუფლებას ამ პროდუქტთან მიმართებით შეზღუდვების ოპერატიულად ამოქმედების საშუალებას მისცემს.

„21 აპრილს რუსეთის ვიცე-პრემიერთან შემდგარი თათბირის პროტოკოლის მიხედვით, მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს „გარკვეული სახის ნავთობპროდუქტების“ დროებითი ექსპორტის დაწესების აქტების პროექტების მომზადება დაავალა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობა საჭიროების შემთხვევაში ბენზინის ექსპორტს ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს მიღმა ქვეყნებში შეზღუდავს.

შეხვედრის პროტოკოლში გაწერილია, რომ მთავრობამ ბენზინის დამატება იმ პროდუქტების ჩამონათვალში გადაწყვიტა, რომლებიც „შიდა ბაზრისთვის არსებითად მნიშვნელოვანია და რომელთა მიმართებითაც ექსპორტის მიმართულებით შეზღუდვების ან აკრძალვების დაწესება მოხდება“, - წერს „კომერსანტი“.

ცნობისთვის: აღნიშნული პროდუქტების სია რუსეთის მთავრობამ 2007 წლის 15 დეკემბერს 877-ე დადგენილებით დაამტკიცა.