მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური გაიზარდოს

60505ffb00db4
ინგა მურუსიძე
16.03.21 11:51
1189
შესაძლოა, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური გაიზარდოს. ინფორმაცია თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააჟღერა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვას - შესაძლებელია, თუ არა, რომ პარკირების ფასი თბილისში გაიზარდოს, ირაკლი ხმალაძე ასე პასუხობს: „კი, შესაძლებელია, გაიზარდოს“.

„ჩვენ გვაქვს სამდონიანი ფასი - 1, 2 და 3-ლარიანი. ეს ფასი დავადგინეთ ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაგრამ დღეს რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება. არ განვიხილავთ ჯერ ფასის გადახედვას, მაგრამ ეს ერთლარიანი სისტემაც კი იძლევა შედეგს და ჩვენი დაკვირვებით იმ ადგილებში, სადაც საათობრივი პარკირება დავნერგეთ გვაქვს ის შედეგი, რაც გვინდოდა გვქონოდა. მოთხოვნა შემცირდა იმ ადგილებზე, სადაც პარკირება ფასიანია და ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება იზრდება, თუმცა კოვიდამდე პერიოდის შედარება კოვიდის პერიოდთან რთულია. შედეგები გვაქვს, მაგრამ მთლიანად რეფორმას ამას ვერ მივაწერთ. პანდემიამ ამ ბაზარზეც კი ძალიან ბევრი ცვლილება შეიტანა “, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების სრულ რეფორმას, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, პანდემიამ რეფორმას და პრაქტიკაში მისი შედეგების დანახვას ხელი ძალიან შეუშალა ხელი.

„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სისტემა მუშაობს. ძალიან ბევრი ჩამოტვირთვა და მოხმარება აქვს აპლიკაციას. გადახდების რაოდენობა კარგად მუშაობს, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმები იწერება და რაც ყველაზე მთავარია, სადაც გავაფასიანეთ, იქ შედეგებს ვიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.