მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ხვალ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდეს - ევა ბოჭორიშვილი

61af2edaa5f0e
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.21 14:12
1675
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, არსებობს ალბათობა, რომ ხვალ რეფინანსირების განაკვეთი ზრდის მიმართულებით შეიცვალოს.

რეფინანსირების განაკვეთი წელს უკვე სამჯერ შეიცვალა და ის აგვისტოში 10%-ს გაუტოლდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში რეკორდულად გაზრდილი ინფლაციაა. ოქტომბერში ინფლაცია 12.5% იყო; IMF-ის პროგნოზით, ფასების წლიური მატების მხრივ, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეთექვსმეტე ადგილზეა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მომდევნო წლიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირება უნდა დაიწყოს, თუმცა სებ-ის ბოლოდროინდელი ზეპირი განცხადებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების უფრო ნელ ტემპს ელოდება.

10 ნოემბერს კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მარტიდან ინფლაციის კლება უნდა დაიწყოს, თუმცა ის იქნება უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

ევა ბოჭორიშვილი ხვალინდელი გადაწყვეტილების შესახებ:

“ბოლო პერიოდის ზეპირი განცხადებები სებ-ის მხრიდან განსხვავდება კომიტეტის გადაწყვეტილებისგან, სადაც ინფლაციას მოიაზრებდნენ, ძირითადად, საგარეო ერთჯერად ფაქტორად და ყველაზე დიდი 8-9 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია მოდიოდა ამ საგარეო ფაქტორებზე, თუმცა ბოლო ზეპირი განცხადებები, რაც თქვენ ახსენეთ, იმის ვარაუდს იძლევა, რომ ხვალ შეიძლება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი გაზარდოს.

ზეპირი განცხადებების მიხედვით, მოლოდინი ინფლაციის შემცირების არ არის ისეთი, რასაც თავიდან პროგნოზირებდნენ, ამიტომ ხვალინდელი სხდომა მნიშვნელოვანია და შეიძლება მოხდეს პოლიტიკის გამკაცრება. თუკი ამ ბოლოდროინდელ ზეპირ განცხადებებს გავითვალისწინებთ.

ასევე იყო ნახსენები ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად, რომელიც ჩვენც ვხედავთ, რომ არის რისკ-ფაქტორი, თუმცა საბაზისო სცენარით ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს მომავალი წლის გაზაფხულიდან,” - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

კობა გვენეტაძე მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შესახებ:

“მარტიდან მოხდება წლიური ინფლაციის შემცირება. ეს ალბათ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ადრე ვფიქრობდით, რომ მარტში 6 პროცენტამდე შემცირდებოდა წლიური ინფლაცია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა, ამავე დროს, ხორბლის ფასებიც იზრდება, ვფიქრობ, რომ ეს შემცირება არ იქნება ისეთი, რასაც ადრე ვვარაუდობდით,” - განაცხადა 10 ნოემბერს კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია, შესაბამისად, დღეს ქვეყანაში სამიზნეზე 4-ჯერ მაღალი ინფლაციაა.