მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობაზე APM TERMINALS-ი და PACE GROUP ჯერ ვერ შეთანხმდნენ

63f76a5913f2b
ელენე გოგბერაშვილი
24.02.23 09:00
774
„საზღვაო კოდექსში“ ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა, მოქმედი პორტების ოპერატორებს ანუ სანავსადგურე ერთეულებს საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ავალდებულებს. კოდექსში არსებული ჩანაწერით, ხელშეკრულება სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ; თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამ შემთხვევაში საზღვაო სააგენტო თავად ასრულებს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი BMGTV-ის გადაცემა "რედაქტ2"-ში აცხადებს, რომ სანავსადგურე ერთეულებს შორის მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება და შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობას ისევ APM TERMINALS-ი ახორციელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისევ მოლაპარაკებები და შესაბამისად უკვე მხარეებისგან ველოდებით ხელმოწერილ ხელშეკრულებას, შეთანხმებულ პირობებს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება არხის მოვლა-პატრონობა და ხარჯების განაწილება.

ამ ეტაპზე APM TERMINALS-ი როგორც აქამდე ეწეოდა აღნიშნული არხის მოვლა-პატრონობას, ისევ ეწევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდაზე შედეგების დადებას და რომ ამ მიმართულებით მალე წინსვლა გვექნება.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებენ მხარეები შეთანხმებას, საზღვაო კოდექსში ჩანაწერია, რომ შემდგომ უკვე სახელმწიფო ჩაერთვება და უზრუნველყოფს საჯარო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას ყველა მხარისთვის, რომელიც ოპერირებს ჩვენს ნავსადგურებში“,-აცხადებს თამარ იოსელიანი.

კითხვაზე, რა არის ის გონივრული ვადა, რა შემთხვევაშიც სააგენტო ერთვება პროცესში, იოსელიანი განმარტავს:

„ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გონივრული ვადა ამოწურული არ არის, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარკვეული ტიპის პროგრესი არსებობს, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მალე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივაღწევთ შეთანხმებას“.

რამდენიმე თვის წინ PACE GROUP-ის დირექტორმა ირაკლი თათეიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის ხარჯებს APM-თან ერთად ინაწილებენ.

„ჩვენ დეპოზიტზე განვათავსეთ თანხა, რომლის გამოყენებაც APM-ს შეუძლია იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რა სამუშაოებსაც შეასრულებს პორტში შესასვლელ არხში“,-განაცხადა თათეიშვილმა.