06.იანვარი .2020 17:44

შესყიდვების სააგენტომ მოხელეთა მობილურ მომსახურებაზე მოქმედი ტენდერი 31 მარტამდე გაახანგრძლივა

views 515
უკან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქვეყნის საჯარო მოხელეთათვის მობილურ სატელეფონო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადა 2020 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ 2019 წლის დეკემბერში მიიღო. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა მობილურ კავშირგაბმულობას კვლავ "სილქნეტი", "მაგთიკომი" და "ვიონი საქართველო" (ბილაინი) განაგრძობენ. 

შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში ნათქვამია:

"კომისიის თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ, კომისიის წევრებს შეახსენა, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 და 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების შემდგომ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი მიმოწერის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო პირობების/ტარიფების იმგვარად განსაზღვრას, რომ მათში მონაწილეობით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს არ დაერღვიათ სატარიფო რეგულირების, დისკრიმინაციისა და სუბსიდირების აკრძალვის შესახებ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „სილქნეტმა“ (შპს „ჯეოსელმა“) თავი შეიკავეს 2017-2018 და 2018-2019 წლების კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობისგან, ხოლო ერთი გამარჯვებული ოპერატორის (შპს „ვიონი საქართველოს“) არსებობა ალტერნატიული წყაროს გარეშე, შეიცავდა რისკს იმის თაობაზე, რომ მისი შეფერხების შემთხვევაში, შესაძლოა თავიდან ვერ ყოფილიყო აცილებული შემსყიდველი ორგანიზაციების სატელეფონო მომსახურების გარეშე დარჩენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 ივნისის Nგ19-08/1746 წერილისა და „2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N225 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გაგრძელდა 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) პირობებისა და ტარიფების შესაბამისად, 2019 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულ ვადაში, საკითხის ხელახლა მოკვლევის მიზნით, სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, შპს „მაგთიკომს“, შპს „სილქნეტს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სატენდერო კომისიისათვის უნდა წარედგინათ 2018 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში, რის საფუძველზეც განხორციელდებოდა კონსოლიდირებული ტენდერებით დადგენილი პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა და სატენდერო პირობების ხელახლა ჩამოყალიბება.

კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს აცნობა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ იქნა Nგ-19-08/3847 წერილი, რომლითაც იგი განმარტავს, რომ კონსოლიდირებული ტენდერით დადგენილი პირობებით მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის სრულყოფილად შესწავლა ამ ეტაპზე არ არის დასრულებული, რადგან სს „სილქნეტმა“ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წარადგინა არასრული სახით, რისთვისაც განესაზღვრა დამატებითი ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე. შპს „ვიონი საქართველომ“ აღნიშნული ანგარიშგება წარადგინა დაგვიანებით, 2019 წლის 4 დეკემბერს, ხოლო შპს „მაგთიკომის“ მიერ წარდგენილი ანგარიშგება საჭიროებს სრულყოფილ შესწავლას სამივე ოპერატორის მონაცემებზე დაყრდნობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის სრულყოფილად შესწავლისათვის საჭიროა დამატებით დრო, რის გამოც გასცემს რეკომენდაციას ფიჭური სატელეფონო მომსახურების არსებული ხელშეკრულების პირობებით გაწევის ვადის 2020 წლის 31 მარტამდე გაგრძელების თაობაზე.

კომისიამ დაადგინა:

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით, „2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N225 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) ფარგლებში მომსახურების გაწევის ვადა გაგრძელდეს 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე ან/და გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით," - ნათქვამია ოქმში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა