მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეტყობინებების გაგზავნა Messenger-იდან Apple-ის iMessage-ში იქნება შესაძლებელი - ევროკავშირის გეგმები

62e26a891fdd2
ლუკა ლეკვეიშვილი
28.07.22 21:14
1075
ევროკავშირმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ყველა მესიჯინგ აპლიკაციის უნივერსალიზაციას ითვალისწინებს, რათა მომხმარებელმა პლატფორმებს შორის შეტყობინებების გაგზავნა შეძლონ.

ევროკავშირმა ეს კანონი, რომელიც მიმართულია დიდი კომპანიების მონოპოლიის საწინააღმდეგოდ, ივლისის დასაწყისში დაამტკიცა. კანონმდებლების შეფასებით, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებლის თავიანთ სოციალურ პლატფორმებზე "გამოსაკეტად" მესიჯინგ აპლიკაციებს იყენებენ. EU-ს სურვილია, რომ შეტყობინებების გაგზავნა Facebook-ის Messenger-იდან Apple-ის iMessage-ში ისევე მარტივად გახდეს შესაძლებელი, როგორც ეს ელ.ფოსტების შემთხვევაშია, მაგალითად: Gmail-იდან Yahoo-ზე. ზემოხსენებული კანონის ინიციატორების შეფასებით, Apple და Meta თავიანთი საკომუნიკაციო სერვისების საშუალებით ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევენ.

მწვავე კრიტიკის მიუხედავად, კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები კომპანიებს სტრატეგიის შესამუშავებლად და საჭირო ტექნოლოგიების შესაქმნელად საკმარის დროს აძლევს. კანონი დეველოპერებს ავალდებულებს, რომ მომხმარებლებმა 2024 წლისთვის შეტყობინებების პლატფორმებს შორის გაგზავნა შეძლონ; ორი წლის შემდეგ ჯგუფები თავსებადი გახადონ და 2028 წლისთვის ჰქონდეთ ხმოვანი შეტყობინებებისა და ვიდეო ზარების გაგზავნის შესაძლებლობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. გამოცემა Wired-ში დაიწერა, რომ იდეა უკვე "განწირულია". პირველი პრობლემა უსაფრთხოება და მონაცემების დაცულობაა. ბევრი სხვადასხვა პლატფორმა დაშიფვრის სხვადასხვა ალგორითმს იყენებს და ყველა მათგანს განსხვავებული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქვს. ევროკავშირის რეგულაცია კი პლატფორმების თავსებადობას და დაშიფვრის ერთიანი სტანდარტიზებული მეთოდის შექმნას მოითხოვს, რაზეც შეთანხმება ყველასთვის ძალიან რთული იქნება.

Signal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ iMessage-თან და WhatsApp-თან დაკავშირება და მონაცემების გაზიარება Signal-ისა და მისი მომხმარებლების კონფიდენციალურობას დააქვეითებს, რადგან მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნებით გამოყენება ან გაყიდვა Signal-ის მიზნებთან შეუსაბამოა. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Meta, აკონტროლებენ თქვენს IP მისამართს და გაზიარებულ ინფორმაციას, რასაც, მაგალითად, Signal არ და ვერ დაუშვებს.

სტენფორდის ინტერნეტ ობსერვატორიის და Meta-ს ყოფილმა აღმასრულებელმა ალექს სტამოსმა განაცხადა, რომ „ისეთი კანონის შექმნა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, შეიმუშაონ სრულად თავსებადი საკომუნიკაციო სისტემა, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის გარეშე, ისეთივეა, რაც ექიმებზე კიბოს განკურნების დავალება”.

მეორე საკითხი ყველა პლატფორმის უნიკალურობიდან გამომდინარეობს. ფუნდამენტურად, ყოველი მათგანი მოსახლეობას ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ჩვენ სხვადასხვა აპლიკაციებით ვსარგებლობთ, არის ის, რომ ისინი სხვადასხვა ფუნქციების გამოყენების საშუალებას გვაძლევენ. ზოგიერთი აპლიკაცია სურათებსა და ვიდეო ფაილებს შეკუმშული ფორმატით აგზავნის, ზოგი კი არაკომპრესირებულად ინარჩუნებს ხარისხს. აპლიკაციები ასევე გვთავაზობენ შეტყობინებების რეაქციებს, პასუხებს და გადამისამართებას სხვადასხვა გზებს, ყოველი მათგანი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის პრეფერენციებზე მორგებითა და ინოვაციის გზით იქმნება, რაც, საბოლოო ჯამში, მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ელ. ფოსტების პროვაიდერები შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას გვაძლევენ, რთული გახდა მათ მიერ მოწოდებული სერვისების დიფერენცირება. ბოლო წლების განმავლობაში ელ. ფოსტის ფორმატში მიზერული რაოდენობის ცვლილებები ვნახეთ - წლების განმავლობაში თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი სიახლე არ გვქონია. ამჟამად პროვაიდერებს თავის წარმოჩენა მხოლოდ ფოსტის გაფილტვრით და შეტყობინებების ორგანიზებით შეუძლიათ.

შეტყობინებების ინდუსტრიას, შესაძლოა, ისეთივე ინოვაციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, როგორშიც ახლა ელ. ფოსტების სექტორია. ძველი უნივერსალური შეტყობინებების სერვისი, რომელსაც სატელეფონო სერვისის პროვაიდერები იყენებდნენ SMS იყო. ის ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, თუმცა დეველოპერები ნაკლებად მუშაობენ მასზე, რადგან ის მხოლოდ მინიმალური რაოდენობის ფუნქციების გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სპამერებმაც იპოვეს გზა ამ სტანდარტიზებული და ინოვაციის გარეშე დარჩენილ სისტემის ბოროტად გამოსაყენებლად.

“კანონმდებლებისთვის ასეთი სისტემა, შესაძლოა, ადვილი წარმოსადგენი იყო“, ამბობს კორი დოქტოროუ, ავტორი და ცნობილი აქტივისტი ციფრული უფლებების საკითხებში, “მაგრამ მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ასეთი სისტემა გაიმართოს”.

თეორიულად, უნივერსალური შეტყობინებების სისტემა კარგად ჟღერს. იდეალური აპლიკაცია, რომელიც ყველას შეუძლია გამოიყენოს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, იქნება უსაფრთხო და ყველა მახასიათებელს და ფუნქციას უზრუნველყოფს. თუმცა, ასეთი მოლოდინი არარეალურია. დიდი ალბათობით, კომპანიები ამ უნივერსალურ აპლიკაციას არ შეიმუშავებენ, არამედ სხვადასხვა პლატფორმებისთვის შეტყობინებების საბაზო სერვისს შექმნიან. ჯერ კიდევ საკამათოა, რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული კანონმდებლობა კონკურენციის განვითარებას და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის მთავარი სურვილია.