მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუცვლელი კადრი არ არსებობს, შეიძლება, ახალი მინისტრი წინაზე ეფექტიანი იყოს - კობახიძე ტიკარაძის გადადგომაზე

61b2431c44e8a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 22:43
3412
"სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია "ქართულ ოცნებაში" – ამ სიტყვებით დატოვა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი უწყების 3-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ. წასვლისას მან ის მიღწევები დაასახელა, რომელიც მისი შეფასებით, ამ პერიოდში უწყებას ჰქონდა და პანდემიის პერიოდში სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პანდემიის პერიოდში უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შეფასება BM.GE-მ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძეს სთხოვა, რომელიც აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება მისაღებია, მით უფრო მაშინ თუ ის პრემიერთან და პარტიასთან შეთანხმებით მიიღეს.

„თუ ეს შეთანხმება პრემიერსა და მას შორის შედგა, ალბათ დრო იყო ამ გადაწყვეტილების მიღების. შესაბამისად გადაწყვეტილება მისაღებია თუ ეს შეთანხმებით მოხდა, მით უკეთესი. ახლა ველით ახალ კანდიდატს, რომელთანაც ეფექტიანად გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ სფეროში ბევრი რამ გასაკეთებელია და მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გასაზრდელია. ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან უმნიშვნელოვანესია ახალი სწორი კანდიდატი“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

კითხვაზე - რას მიიჩნევს დარგის წარმომადგენელი მინისტრის 3-წლიანი მოღვაწეობის მთავარ მიღწევად, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დარგში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ერთგვარი რეფორმაა გასაკეთებელი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, კერძო სადაზღვევო სექტორის პარტნიორად შემოყვანის კუთხით და ეპიდემიის მართვის კუთხით...

არ მიყვარს იმ ადამიანებზე საუბარი ვინც უკვე წავიდა, არ იქნება სწორი. ამიტომ იმედით ველით ახალ თანამშრომლობას ახალ მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ მისაღები კანდიდატი იქნება.

ვფიქრობ, მინისტრის ამ პერიოდში წასვლა დარგისთვის რაიმე შეფერხების მიზეზი არ გახდება, ჩვენ ძალიან ბევრ ნაწილში გვქონდა გაშლილი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, სისტემურად არაერთი პრობლემა დაგვიფიქსირებია და გამოსავალი და განვითარების გზები შეგვითავაზებია. ვფიქრობ, შეუცვლელი კადრი არ არსებობს და ახალი შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, წინაზე. ასე რომ ახალ კანდიდატს დიდი ყურადღებით ველით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ხოლო კითხვაზე - შეიძლება თუ არა ამ გადაწყვეტის მიზეზი უვადო მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძის შორის აზრთა სხვადასხვაობა გამხდარიყო, ნინა კობახიძემ წასვლის მიზეზების კომენტირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა: „შეიძლება ყველაფერი ჩანს, ან არ ჩანს, თუმცა ის რომ დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაღაც მიზეზებით არის განპირობებული“.