27.ოქტომბერი .2021 18:30

შეუძლებელია ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ძალიან მალე შეამცირებს ინფლაციას - კობა გვენეტაძე

შეუძლებელია ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ძალიან მალე შეამცირებს ინფლაციას - კობა გვენეტაძე
views 285
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, კობა გვენეტაძის განცხადებით, მაღალი ინფლაცია სამწუხარო და ძალიან ცუდია, მაგრამ იმ გარემოებების გამო, რომელიც შექმნილია, შეუძლებელია ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ძალიან მალე შეამცირებს მაღალ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დეკემბრიდან საქსტატმა ინფლაცია ახალი წესით დათვალა და საყოფაცხოვრებო ტარიფების სუბსიდირების პროგრამა გაითვალისწინა, რის გამოც, ინფლაცია აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირდა. წელს კი ამ ერთჯერად ფაქტორს ინფლაციაზე დამატებით ზრდის გავლენა ექნება და მის გამო, ისედაც 12%-მდე გაზრდილი ინფლაცია დეკემბერში დამატებით 16%-მდეც შეიძლება გაიზარდოს. Bm.ge სებ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას იტყოდა ის ამ ერთჯერად ფაქტორზე.

“ახალი წესით დათვალას ალბათ ვერ ვიტყოდი, გათვალისწინება მოხდა სუბსიდირების, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. ანუ, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით მოხდა შემცირება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ახალი მეთოდოლოგიით მოხდებოდა საბაზო ეფექტის დაბრუნება, ანუ ინფლაციის ზრდა. გარდა ამისა, ამავე მეთოდოლოგიას ახასიათებს ის, რომ არა მარტო იგივე პროცენტული პუნქტით აბრუნებს ინფლაციას, არამედ კიდევ უმატებს და ამანაც შეიტანა წვლილი საქართველოში, ანუ, იმას, რითაც შემცირდა, 1.5% კიდევ დაემატება. ამანაც სამწუხაროდ ხელი შეუწყო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტს უჭირს დღეისთვის თქვას, სადამდე გაიზრდება ზუსტად, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ხოლო ნავთობის ფასი ძალიან არის გაზრდილი.

„დღევანდელი ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით 2-ჯერ არის გაზრდილი. ნავთობის ფასებზე, ისევე როგორც სურსათის ფასებზე სებ-ს რაიმე გავლენა ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ სურსათის ფასები ისევ მაღალია და ნავთობის ფასები კიდევ იზრდება, შესაძლებელია, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ჩვენი შეფასებით არის ერთჯერადი და მან უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ინფლაცია უნდა დაუბრუნდეს სამიზნე მაჩვენებელს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა განვითარებად ქვეყნებში და პლიუს, დამატებით, საქართველოში 2019 წლიდან არის უფრო მაღალი ინფლაცია მეზობლებთან შედარებით, ჩვენ გვაქვს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. მას ხანგრძლივად შევინარჩუნებთ, ან კიდევ უფრო გავამკაცრებთ, თუ ეს იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ინფლაციურ მოლოდინებში არ გადაიზარდოს. იმის თქმა, რომ არ არსებობდა ფაქტორები, რომლითაც საქართველოში ინფლაცია უნდა ყოფილიყო, სწორი არ არის.

მაღალი ინფლაცია სამწუხარო და ძალიან ცუდია, მაგრამ იმ გარემოებების გამო, რომელიც შექმნილია, შეუძლებელია ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ძალიან მალე შეამცირებს ინფლაციას. ეს არის ობიექტური რეალობით და ფაქტორებით გამოწვეული პროცესი, რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, მიუხედაად იმისა, თუ როგორ გვინდა ამის წარმოჩენა“, - განაცხდა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა